გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის მხარდაჭერას იწყებს
თარიღი:
საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობა როგორც მათთვის, ისე თავად ამ სფეროში მოქმედი კომპანიებისა და მთლიანად დარგის წარმატებისთვისაა მნიშვნელოვანი.
თუმცა, ქალები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორში, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სფეროა, ნაკლებად არიან დასაქმებულები. ამ ფაქტის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ტექნოლოგიები კვლავაც სტერეოტიპულად „კაცების საქმედ“ მიიჩნევა. აღნიშნული უთანასწორობის შემცირებისა და ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, ახალი ინიციატივის განხორციელება დაიწყო. იგი დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში 18-35 წლის ქალებისა და გოგოებისთვის ვებპროგრამირებისა და სოციალური მედია მარკეტინგის უფასოდ სწავლებას გულისხმობს.
ინიციატივის განხორციელების პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა ტრენერთა ტრენინგი, რომელიც თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 16-18 თებერვალს ჩატარდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 14-მა მონაწილემ ვებპროგრამირებასა და სოციალურ მედია მარკეტინგში ის ცოდნა და უნარები გაიღრმავა, რომლებიც პროექტის განხორციელებისას ქალებსა და გოგოებს მიმდინარე წლის მარტში საკუთარ რეგიონებში უნდა გაუზიარონ.
რატომ არ არიან ქალები ტექნოლოგიებში და როგორია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გზები - ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით ნანა დიხამინჯია ტრენერებს აღნიშნულ საკითხებზე ესაუბრა და იმ ქალების მაგალითები გააცნო, რომლებმაც, სტერეოტიპების მიუხედავად, კომპიუტერულ მეცნიერებებში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელეს: „წლების განმავლობაში ქალებს ფიზიკურად არ აძლევდნენ ამ სფეროში ჩართვის შესაძლებლობას და ახლაც, როცა განათლება ორივე სქესისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია, პრობლემა კვლავაც არსებობს. ამის მიზეზი კი ის სტერეოტიპებია, რომლებსაც ბავშვებს ვუწესებთ. მნიშვნელოვანია, მათ ადრეული ასაკიდანვე არ შევუზღუდოთ ინტერესები და არ ვუთხრათ, რომ მათემატიკა ბიჭების საქმეა, ან ინჟინერია გოგოსთვის შეუფერებელია“, - აღნიშნა მან.
სულ ტრენინგის მონაწილე ტრენერები 80-100 მონაწილე გოგოს გადაამზადებენ. მათ შორის საუკეთესო 40 კურსდამთავრებული ანაზღაურებად სტაჟირებას ციფრული მარკეტინგისა და IT კომპანიებში გაივლის. პროექტის მენტორები სტაჟიორებს ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებისა და დამოუკიდებელი პროექტების განხორციელების კუთხითაც დაეხმარებიან.
„ქალების დიდი ნაწილის პოტენციალი იკარგება. პროექტი მათ შესაძლებლობას მისცემს, პერსპექტიულ პროფესიას დაეუფლონ და შემდეგ ეს საქმე თუნდაც მოქნილი გრაფიკით, დისტანციურად აკეთონ. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა, ეს მოტივაცია და ცოდნა პროექტის მონაწილეებს უკვე ჩემს რეგიონში გავუზიარო“, - აღნიშნა ტრენინიგს ერთ-ერთმა მონაწილემ თემო სახელაშვილმა.
ინიციატივია პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.