საქართველოში პირველად საუნივერსიტეტო სწავლებაში გენდერისა და ეკონომიკის კურსი დაინერგა

თარიღი:

Ფოტო: მედეა თუთაშვილი. Მედეას პირადი არქივი
Ფოტო: მედეა თუთაშვილი. Მედეას პირადი არქივი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ეკონომიკაში გენდერის როლზე ცნობიერების ამაღლებას უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. მით უფრო, რომ დღესდღეობით ქალები როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც, სამუშაო ძალაში მონაწილეობის, სახელფასო სხვაობის, რესურსებზე ხელმისაწვდომობის, აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომისა თუ სხვა გამოწვევების სახით არაერთ ბარიერს აწყდებიან.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სამუშაო ასაკის მქონე ქალების 58.5% ეკონომიკურად არააქტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც დასაქმებულია და არც სამსახურს ეძებს. ქალების მნიშვნელოვანი წილი აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაშია ჩართული, შეუსწორებელი გენდერული სახელფასო სხვაობა კი 31.7%-ს შეადგენს. საგულისხმოა, რომ რესურსებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მიწის ფლობის მაჩვენებლითაა თვალსაჩინო: საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელთა მხოლოდ 18%-ია ქალი.

სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკის შემქმნელებმა შეძლონ იმ სტრუქტურული ბარიერების დანახვა, რაც ერთი მხრივ იწვევს და მეორე მხრივ აძლიერებს გენდერულ უთანასწორობას. სწორედ ამიტომ, გლობალურად სულ უფრო აქტუალური ხდება გენდერისა და ეკონომიკის კურსების უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დანერგვა, რაც მომავალ პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, ჯერ კიდევ სტუდენტობისას თვალსაჩინოდ დაინახონ ეკონომიკაში არსებული გენდერული ბარიერები, შეისწავლონ მათი აღმოფხვრის გზები და იმუშაონ ქალებისთვის ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობების შექმნაზე.

საქართველოში ამ კუთხით პირველი ნაბიჯი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გადადგა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გენდერისა და ეკონომიკის კურსი დანერგა.

კურსის მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ ცოდნა გენდერსა და ეკონომიკურ თეორიებზე, ინტერაქციული მეთოდებით შეისწავლონ, რას ნიშნავს გენდერული უთანასწორობა ხელფასებსა და დასაქმებაში, რა გავლენას ახდენს ოჯახში როლების განაწილება და ზრუნვის შრომა ეკონომიკაში ჩართულობაზე და სხვა.

2023-2024 აკადემიურ წელს კურსის გავლის საშუალება მეოთხე და მესამეკურსელ სტუდენტებს ჰქონდათ. საგულისხმოა, რომ საგანმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და მასზე დასწრების სურვილი 103-მა სტუდენტმა გამოთქვა.

“გენდერთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები ყოველთვის მაინტერესებდა. კურსიც ამიტომ ავირჩიე. ამ საგანმა შესაძლებლობა მომცა, მესწავლა და უკეთ გამეანალიზებინა გენდერის როლი ეკონომიკურ პროცესებსა და ქვეყნის განვითარებაში, დავკვირვებოდი ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებს და ჩემს თანაკურსელებთან ერთად მემსჯელა ძირითად პრობლემებზე”, - აღნიშნავს მედეა თუთაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საგანი აირჩია.

როგორც მედეა ამბობს, კურსით მაღალი დაინტერესება მისმა აქტუალობამ განაპირობა. “კურსი ცნობიერების ასამაღლებლად ნებისმიერი მიმართულების სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გენდერის როლის გააზრება, ვფიქრობ, განსაკუთრებით მომავალი ეკონომისტებისთვისაა აუცილებელი, რათა მათ ეფექტიანი და მეტად სამართლიანი პოლიტიკები თუ სტრატეგიები შეიმუშაონ”, - დასძენს ის.

გენდერისა და ეკონომიკის კურსი შეიქმნა და დაინერგა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა არის დაფინანსებული.