ახმეტაში მსხვერპლი და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის კრიზისული ცენტრი გაიხსნა
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ძალადობის მსხვერპლი და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის ხარისხიანი და ეფექტიანი სერვისების გაძლიერებისთვის მუშაობას აგრძელებს. ამ მიმართულების ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაწილი დედაქალაქსა თუ რეგიონებში თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოება და შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი საქართველოში გაიზარდა, დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპები და სოციალური ნორმები კვლავაც ბევრ ქალს უშლის ხელს, ხმამაღლა ისაუბროს ძალადობის შესახებ, დახმარება ითხოვოს და შესაბამისი სერვისებით ისარგებლოს. ამ ფაქტორის გამო, ძალადობის შემთხვევების ნაწილი გაუმჟღავნებელი რჩება. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის 2022 წლის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების მესამედზე მეტს (38.2%) გადატანილი ძალადობის შესახებ არავისთვის უთქვამს.
პრობლემა აქტუალურია კახეთის რეგიონისთვის, სადაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მხარდაჭერით, ძალადობის მსხვერპლი და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მიმდინარე წლის დასაწყისში კრიზისული ცენტრი გაიხსნა. 23 ივლისს ახმეტაში მდებარე ცენტრის მუშაობას, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ევა ატერნოვ ფრიზელიც გაეცნო.
კრიზისული ცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორის, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ფუნქციონირებს. როგორც ფონდის ხელმძღვანელი იზა ბექაური ამბობს, ახმეტის კრიზისული ცენტრი ბევრ ქალს მისცემს შესაძლებლობას, ძალადობის პრობლემაზე ხმამაღლა ისაუბროს და დახმარება ითხოვოს.
“წლებია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებთან ვმუშაობთ და ვიცით, რომ ბევრ მათგანს ურჩევნია, ძალადობის პრობლემით ისეთ ადგილას მივიდეს, სადაც მისი კონფიცენდიალურობა მაქსიმალურად დაცული იქნება. ახმეტა სწორედ ასეთი, ნაკლებად ხალხმრავალი ქალაქია, ამიტომ კრიზისული ცენტრის აქ გახსნა ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია. წლებია, ჩვენს ორგანიზაციას რეგიონის მასშტაბით იცნობენ, გვენდობიან. ეს კი ძალადობის მსხვერპლი თუ ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის დიდი მოტივაციაა, ითხოვონ და მიიღონ დახმარება”, - აღნიშნავს იზა ბექაური.
ახმეტის კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლ და ძალადობაგამოვლილ ქალებს იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და სოციალური მუშაკის სერვისებს სთავაზობს. ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა ოთახიც, სადაც დედებს სერვისებით სარგებლობისას შვილების დროებით დატოვება შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი მსურველებს ტრენინგებსა და პროფესიული გადამზადების კურსებში ჩართვასაც სთავაზობს, რაც მსხვერპლი თუ ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ახმეტის კრიზისული ცენტრი გაიხსნა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP4GE) ფარგლებში, რომელიც შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება.