ხუთი კითხვა: „მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის არაერთი შემთხვევა გამოავლინეს“

თარიღი:

სოფიო აბულაშვილი. Ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
სოფიო აბულაშვილი. Ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

სოფიო აბულაშვილი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსია - უწყების, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში უსაფრთხო, არაძალადობრივი და თანასწორი გარემოს შექმნას. 2021 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ტრენინგებს გადიან, რაც მათ ხელს უწყობს, სასკოლო ცხოვრებაში სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცე უზრუნველყონ და ძალადობის შემთხვევების დროული პრევენცია, მათზე ეფექტიანი რეაგირება შეძლონ. 2022-2023 წლებში სულ 2224-მა დირექტორმა, მასწავლებელმა და მანდატურმა გაიარა ტრენინგი, გაიზარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ძალადობის შემთხვევების შეტყობინებაც: 2021 წელს ეს მაჩვენებელი116 იყო, 2022 წელს კი — 469. სოფიო აბულაშვილი ამ პროცესის აქტიური მონაწილეა.

როგორია მანდატურის სამსახურის მუშაობა სკოლაში გენდერული სტერეოტიპების დაძლევისა და ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინებების გაზრდის თვალსაზრისით?

სამსახურის საქმიანობა ამჟამად 3 უმნიშვნელოვანეს მიმართულებას მოიცავს: პირველი წარმოადგენს უსაფრთხოების კომპონენტს და მის ფარგლებში მანდატურები მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, მეორე - ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს, რომელიც მოსწავლეებსა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ სხვა პირებს უფასო ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევს, მათ შორის, ცხელი ხაზის - 08 00 00 00 88 და პორტალის befriend.mes.gov დახმარებით, მესამე მიმართულება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი კი წელს დაგვემატა.

ჩვენი თანამშრომლები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან თითოეულ შემთხვევას, რომელიც კავშირშია ბავშვებს შორის ან ბავშვის მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა ფორმის ძალადობასთან, აქტიურად მონაწილეობენ ამგვარი ფაქტების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში. სამსახურის მხრიდან გამორჩეული აქცენტი კეთდება პრევენციაზე, რაც ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებსაც გულისხმობს. ჩვენი მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან წლის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე ათასობით საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრას ატარებენ. მათ შორისაა ძალადობა და კიბერბულინგი, ოჯახში ძალადობა და ბავშვთა ასაკში ქორწინება, გენდერული თანასწორობა, ტოლერანტობა, ანტიდისკრიმინაციული მიდგომები და ა.შ. ამ აქტივობებში, ყოველწლიურად, ათიათასობით მოსწავლე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი და მშობელი ერთვება.

რა ღონისძიებები მიმდინარეობს მანდატურების კომპეტენციის სრულყოფისთვის გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის მიმართულებებით?

მანდატურები საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილები არიან იმ 720 საჯარო სკოლაში, სადაც ჯამურად ქვეყნის მოსწავლეების 90%-ზე მეტი სწავლობს. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და განგრძობითი განათლების უწყვეტ პროცესს. ამ მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან.

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მანდატურებმა, სოციალურმა მუშაკებმა, დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს თბილისისა და რეგიონების ცენტრების უფროსებმა და კოორდინატორებმა 2021 წლიდან გენდერული და ოჯახში ძალადობის თემებზე მნიშვნელოვანი ტრენინგები გაიარეს. სწავლება ჩატარდა სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ტრენინგპროგრამით, რომლის განახლებაც, პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მეორე ფაზის) ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს.

ამასთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ტრენერებად მოვამზადეთ თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად ატარებენ ტრენინგებს კოლეგებთან, მოსწავლეებსა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ სხვა პირებთან. მათ უკვე 900 მოქმედი მანდატური გადაამზადეს და ეს პროცესი გრძელდება.

განგრძობითი განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა თანამშრომლებმა მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში სათანადოდ გამოიყენონ და ხელი შეუწყონ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ადრეული ქორწინების, გენდერული თანასწორობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

როგორ შეაფასებდით ამ ღონისძიებების შედეგებს?

მანდატურის სამსახურის ღონისძიებების შედეგად, მოსწავლეებისთვის გარემო გახდა უფრო მხარდამჭერი, გაღრმავდა თანამშრომლობა სკოლაში მომუშავე სუბიექტებს შორის. ბოლო წლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის არაერთი შემთხვევა გამოავლინეს და შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. იგივე შეიძლება ითქვას ადრეული ქორწინების რისკის ან სასკოლო სივრცის მიღმა ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა ძალადობის შემთხვევების შეტყობინებების გაზრდაზე მანდატურების გადამზადებამ?

ვფიქრობ, რაც უფრო მაღალია ამ საკითხების შესახებ პოტენციური მსხვერპლისა თუ უფლებამოსილი პირების ინფორმირებულობა და კომპეტენცია, მით უფრო მეტია შესაძლებლობა, რომ ძალადობის ამა თუ იმ ფორმასთან დაკავშირებული არც ერთი ფაქტი, პრევენციისა თუ რეაგირების კუთხით, უყურადღებოდ არ დარჩეს.

ჩატარებულმა ღონისძიებებმა არა მხოლოდ გაზარდა გამოვლენის მაჩვენებელი, არამედ განაპირობა მომართვიანობის ზრდა მასწავლებლების, თავად მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდანაც. ამ მაჩვენებლის ზრდას აღვიქვამთ, როგორც პოზიტიურ სიგნალს, რაც ცნობიერების ამაღლებას მოწმობს.

როგორ გაგრძელდება სასკოლო გარემოში გენდერული სტერეოტიპების დაძლევისა და ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინების გაზრდის კუთხით მუშაობა?

კვლავაც დიდ ყურადღებას დავუთმობთ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, თანამშრომელთა განგრძობით განათლებას და აუცილებლად გავაგრძელებთ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, რათა ხელი შევუწყოთ მომავალ თაობებში თანასწორობის, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას. განათლებასთან ერთად, სწორედ ეს ფასეულობებია წინაპირობა, რომ ისინი ქვეყნის ღირსეულ, ევროპული ღირებულებების მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.