ახალციხეში მსხვერპლთა თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი გაიხსნა
თარიღი:
საქართველოში ძალადობის მსხვერპლი და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის სერვისების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ერთ-ერთი გამოწვევაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ქალები და გოგოები გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმას განიცდიან, თუმცა მავნე, დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების არსებობის, სოციალური მხარდაჭერისა და შესაბამისი სისტემებისა და ორგანოების მიმართ არასაკმარისი ნდობის გამო, ძალადობის შემთხვევების ნაწილი გაუმჟღავნებელი რჩება.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, ძალადობის მსხვერპლებისა თუ ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოებისთვის ხარისხიანი სერვისების შეთავაზება გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ძალადობასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით, წლებია, დონორებსა და პარტნიორებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოებასა და დახვეწაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამ მუშაობის ნაწილს წარმოადგენს თავშესაფარი/კრიზისული ცენტრიც, რომელიც სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახალციხეში გაიხსნა.
თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებსა და ძალადობაგამოვლილებს დროებით უსაფრთხო საცხოვრებელს, იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, თავშესაფრით სარგებლობა ქალების არასრულწლოვან შვილებსაც შეუძლიათ. საგულისხმოა, რომ სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა კულტურის, ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობენ. რეგიონში გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე ტრადიციული შეხედულებების გავლენა მაღალია, ამიტომ თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის არსებობას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის გახსნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ესწრებოდნენ.
„გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს რეკომენდაციები მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა შესაძლო ხერხით ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მართული სპეციალიზებული სერვისების, მათ შორის ქალთა ცენტრებისა და თავშესაფრების გაფართოებას, რაც უზრუნველყოფს სერვისების სტაბილურ და მდგრად დაფინანსებას“,- აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.
„საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საფრანგეთი ამაყობს, რომ ეხმარება საქართველოს, შეასრულოს ვალდებულება ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების აუცილებელი მონაწილეობის შესახებ. მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ქალების დაცვა მომავალშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პრიორიტეტი იყოს ბიუჯეტირებისა თუ პოლიტიკის პროცესებში (სასამართლო, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება...)“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ.
თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის გახსნის პარალელურად, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. დისკუსიის მიზანი რეგიონში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ძალადობის პრევენციის გაუმჯობესება, დროული რეაგირება, მსხვერპლის დაცვა და საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა იყო.
ახალციხეში თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი გაიხსნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "სპეციალიზებული სერვისების გაძლიერება გენდერული ძალადობის მსხვერპლებისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საფრანგეთის მთავრობის მიერ.