გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალგაზრდები ერთვებიან

თარიღი:

ლიდერების გადამზადების ტრენინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: მიზნით, საქართველოს გოგო სკაუტების ასოციაცია “დია"
ლიდერების გადამზადების ტრენინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: მიზნით, საქართველოს გოგო სკაუტების ასოციაცია “დია"

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის მხარდაჭერით, გენდერული ძალადობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და მათ გაძლიერებას აგრძელებს. ამ მიზნით, საქართველოს გოგო სკაუტების ასოციაცია “დიასთან” თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდება. მათი მიზანია, ხელი შეუწყოს 12-25 წლის ახალგაზრდებს, ხმამაღლა ისაუბრონ და შეცვალონ არაჯანსაღი დამოკიდებულებები გენდერული სტერეოტიპების მიმართ, მიიღონ ცოდნა და უნარები, რათა გაუმკლავდნენ გენდერულ ძალადობას - სექსუალურ შევიწროებას, ბულინგს, ადრეულ თუ იძულებით ქორწინებასა და ოჯახში ძალადობას.

პროექტის ფარგლებში 400 ახალგაზრდა, მათ შორის 300 გოგო და 100 ბიჭი, თბილისში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში სახელმძღვანელოს “ხმები ძალადობის წინააღმდეგ” საფუძველზე სასწავლო პროგრამებს გაივლის. საგულისხმოა, რომ ტრენინგებთან ერთად, პროგრამა მონაწილეების მხრიდან ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც ითვალისწინებს. უკვე ცნობილია, რომ პროექტში ჩართული ახალგაზრდები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიასაც შეუერთდებიან: დაგეგმილია ლაშქრობა თბილისის შემოგარენში,რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ფაქტებსა და მონაცემებს გაუზიარებენ. ისინი შესაბამის თემატიკაზე სოციალური მედიის არხებით პირდაპირ ჩართვებსაც გაუშვებენ და შეეცდებიან, ინფორმაცია კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მიაწოდონ. კამპანიის ფარგლებში გაიმართება კინოჩვენება და დისკუსია, რომელიც ასევე გენდერულ ძალადობას მიეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გოგო სკაუტების ასოციაცია “დიამ” უკვე გადაამზადა 18 უფროსი ლიდერი და ისინი მონაწილე ახალგაზრდებისთვის სესიებს ჩაატარებენ. "სასწავლო პროგრამამ “ხმები ძალადობის წინააღმდეგ”, როგორც ლიდერი, ძალიან გამაძლიერა დამეხმარა, მარტივად, მეტი დამაჯერებლობითა და ემპათიით განვიხილო სენსიტიური საკითხები”, - ამბობს 20 წლის მარიამ ქავშბაია, რომელიც სკაუტების ერთ-ერთი ლიდერია. "ახლა ვგრძნობ, რომ ჩემს საზოგადოებაში ცვლილებების განხორციელება შემიძლია, იქნება ეს ხმამაღლა პრობლემურ საკითხზე საუბარი თუ ღონისძიებების ორგანიზება ცნობიერების ასამაღლებლად",- დასძენს ასევე კიდევ ერთი ლიდერი, 20 წლის კონსტანტინე მამინაიშვილი.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია გოგო სკაუტების ასოციაცია “დიასთან”, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საქართველოში”, უკვე თანამშრომლობდა. ამ პარტნიორობის შედეგად, ქართულად ითარგმნა და ადგილობრივ კონტექსტთან ადაპტირდა სახელმძღვანელო “ხმები ძალადობის წინააღმდეგ”, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდული სასწავლო პროგრამები დაინერგა. ჩატარდა ტრენინგები, რომლებმაც თბილისიდან, ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებიდან 600 მონაწილე მოიცვა. მანამდე ქალთა და ოჯახში ძალადობის თემაზე სპეციალური გადამზადება გაიარა 40-მა ლიდერმა, რომლებიც მოგვიანებით ტრენინგებს უკვე თავად უძღვებოდნენ.

ღონისძიებები დაგეგმილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთდ გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მეორე ფაზის) ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთ ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.