ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სპეციალიზებული ადვოკატები იმუშავებენ
თარიღი:
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალადობაგამოვლილი ადამიანების ინტერესების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ მიმართულებით შესაბამის საჯარო უწყებებთან თანამშრომლობას აგრძელებს და ამჯერად სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს ადვოკატთა სპეციალიზაციის დანერგვაში უჭერს მხარს.
ინიციატივის შედეგად, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, იურიდიული დახმარების სამსახურში სპეციალიზებული ადვოკატები შესაბამის გადამზადებას გაივლიან. სპეციალური, ინტენსიური კურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საადვოკატო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებასა და ძალადობის მსხვერპლთა ინტერესების დაცვას.
იურიდიული დახმარების სამსახური იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის ივლისში შესული ცვლილებების შემდეგ უწყების მანდატი გაფართოვდა და მოიცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის უფასოდ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, განცხადების, სარჩელის, შესაგებლის ან სხვა დოკუმენტის შედგენას, სასამართლოში, პოლიციასა და სხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებაში პირის წარმომადგენლობის უზრუნველყოფას.
„იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და წინსვლა, რათა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უფასო იურიდიული დახმარება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივი სერვისების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს“, - აცხადებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია.
საგულისხმოა, რომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულების სპეციალიზაცია 2018 წლიდან საქართველოს პროკურატურაში წარმატებით დაინერგა. დღესდღეობით ამგვარ საქმეებზე მხოლოდ ის პროკურორები და გამომძიებლები მუშაობენ, რომლებიც შესაბამის, სპეციალიზებულ კურსს გადიან. 2021 წლიდან კი სპეციალიზაცია ვრცელდება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზეც, რომლებსაც ასევე წინასწარ გადამზადებული გამომძიებლები იძიებენ.
ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში.
იურიდიული დახმარების სამსახურში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე ადვოკატთა სპეციალიზაცია მიმდინარეობს პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება.