მრავალფეროვნება, თანასწორობა და ჩართულობა - ადამიანური რესურსების პროფესიონალებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო შეიქმნა

თარიღი:

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს განიხილავენ. Ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს განიხილავენ. Ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

დასაქმების ადგილზე მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა, როგორც ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძო სექტორისა თუ ინვესტორებისთვის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ის ხელს უწყობს არა მარტო ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის გაუმჯობესებაშიც.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესკომპანიებში მრავალფეროვნებისა და ჩართულობის ხელშეწყობაზე აქტიურად მუშაობს. შესაბამის საკითხებზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, პირველად საქართველოში, HR პროფესიონალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის სასერტიფიკატო პროგრამაც შეიმუშავა. მისი მიზანია, პროფესიონალებს ორგანიზაციებში თანასწორი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის კუთხით დაეხმაროს.

ამ მიმართულების განვითარებას წარმოადგენს პრაქტიკული სახელმძღვანელო მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის შესახებ, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტის მიერ შეიქმნა.

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, საჭირო ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით უზრუნველყოს დარგის სპეციალისტები, დაეხმაროს მათ, შეიმუშაონ და დანერგონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკები და პრაქტიკები სამუშაო ადგილებზე. ამას გარდა, სახელმძღვანელო შექმნილია იმ კორპორაციული ლიდერებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობით ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

„მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის როლი და საჭიროება ჯერ კიდევ კარგად არ აქვთ გააზრებული როგორც კერძო კომპანიებს, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებს. ეს სახელმძღვანელო კარგ პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მათ, განსაკუთრებით კი ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებს. მით უმეტეს, რომ მასში მოცემულია მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკის ნიმუში“, - აღნიშნავს ლაშა ღვალაძე, FINCA Impact Finance-ის ადამიანური რესურსების მართვის გლობალური ბიზნესპარტნიორი.

სახელმძღვანელო მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის სასერტიფიკატო პროგრამისთვის იქნება გამოყენებული. ამავდროულად, ის გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსდა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პროფესიონალისთვის.

ინიციატივა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მიერაა დაფინანსებული.