გაეროს ქალთა ორგანიზაცია განათლების სისტემაში გენდერის მეინსტრიმინგის მხარდაჭერას აგრძელებს

თარიღი:

სამუშაო შეხვედრა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში არსებული გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის გაძლიერებას ემსახურებოდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სამუშაო შეხვედრა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში არსებული გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის გაძლიერებას ემსახურებოდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

განათლების სისტემაში გენდერის მეინსტრიმინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობების ცნობიერების ასამაღლებლად და არსებული სტერეოტიპების შესაცვლელად.

ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს განათლების სისტემაში გენდერის მეინსტრიმინგის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა მარტის თვეში საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებისთვის განხორციელებული ინიციატივებიც.

კერძოდ, 1-2 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში არსებული გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის გაძლიერებას ემსახურებოდა. შეხვედრას ამ პლატფორმის წევრები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მისი მიმდინარეობისას მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ, გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, განიხილეს წარმატებული მაგალითები, დასახეს სამომავლო ნაბიჯები და შეთანხმდნენ, რომ გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

3-4 მარტს კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის გენდერული თანასწორობის გეგმების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა კვლევით და აკადემიურ წრეებში გენდერული თანასწორობის ირგვლივ არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზეც იმსჯელეს. ამას გარდა, მონაწილეები გაეცნენ, როგორ უნდა შემუშავდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული თანასწორობის გეგმები, რაც ამ გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი ეფექტიანი ნაბიჯია. ტრენინგს 15 სხვადასხვა დაწესებულებიდან 22 წარმომადგენელი ესწრებოდა.

„თეორიულთან ერთად, ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსა და დისკუსიებს, რაც მნიშვნელოვანი იყო თემის სიღრმისეული ანალიზისთვის. მიღებული ცოდნა საშუალებას მომცემს, გენდერული თანასწორობის გეგმების დანერგვით ან დახვეწით დაინტერესებულ ორგანიზაციებს მეტად კვალიფიციური ინფორმაცია მივაწოდო", - განაცხადა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ და ჰორიზონტი ევროპას საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენელმა, შორენა ბერიძემ.

საქართველოს განათლების სისტემაში გენდერის მეინსტრიმინგის მხარდამჭერ ინიციატივებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს.

სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.