საჯარო სამსახურის ბიურომ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების მიგნებები წარადგინა

თარიღი:

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების პრეზენტაცია. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების პრეზენტაცია. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

საქართველოს საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები. გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო იზრდება მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე - საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობას ხელი მიუწვდებოდეს საჯარო სამსახურში ქალთა ლიდერობის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებზე, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც 2023 წლის 20 სექტემბერს შედგა.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, განვითარების სექტორში მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ინიციატივა ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წელს მიღებულ 2023-2024 წლების საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმითა და ბიუროს 2022-2024 წლების გენდერული თანასწორობის შიდა სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს. ეს უკანასკნელი უწყებამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, 2022 წელს მიიღო. კვლევა მიზნად ისახავს, საქართველოს მთავრობას დაეხმაროს გენდერული თანასწორობის კუთხით კანონში არსე¬ბული ხარვეზების გამოვლენასა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობისათვის საჯარო სამსახურში.

„საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მრავალფეროვანი და გენდერულად მგრძნობიარე საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბიურომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შეიმუშავა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება, რომელიც ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა. ვიმედოვნებთ, ეს კვლევა იმ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების საფუძველი გახდება, რომლებიც სამომავლოდ საჯარო სამსახურში გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, მაია დვალიშვილმა.

2022 წლის მონაცემებით, ქალები შეადგენენ საჯარო სამსახურში და¬საქმებულ პირთა მხოლოდ 31%-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ჩათვლით, ხოლო 59%-ს - შსს-ს გარეშე. საჯარო სამსახურში I და II რანგის მენეჯერულ პოზიციებზე (პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე; მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე; საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი) დასაქმებულთა შორის ქალები 43%-ს შეადგენენ. I რანგის პოზიციებზე კი ეს მაჩვენებელი 34%-მდე მცირდება. გენდერული უთანა-სწორობა საგრძნობლად იზრდება მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე: საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანე¬ლების თანამდებობაზე ქალი მხოლოდ 9%-ია, ხელმძღვანელების მოადგილეების პოზიციაზე კი 15%. ამას გარდა, როგორც მონა¬ცემები ცხადყოფს, საჯარო დაწესებულებებში ქალთა რაოდენობა ხელმ¬ძღვანელ პოზიციებზე საგრძნობლად მცირდება: 2019 წელს ქალები ხელმძღვანელი თანამდებობების 15%-ს იკავებდნენ, ხოლო 2022 წელს - 9%-ს.

კვლევის ფარგლებში, რომელიც ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა, საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის ხელშემშლელი ძირითადი ბარიერებიც იდენტიფიცირდა. დაწინაურებისა და კარიერული განვითარების მკაფიო და გამჭვირვალე პროცედურების არარსებობა, აუნაზღაურებელი საოჯახო და ზრუნვის შრომის არაპროპორციული ტვირთი ქალებზე და ე.წ. „შუშის ჭერი“ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორებად დასახელდა. იდენტიფიცირებულ პრობლემებთან ერთად, კვლევა საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის საკანონმდებლო და პოლიტიკის რეკომენდაციებსაც გვთავაზობს. მათ შორისაა: საჯარო სამსახურის შესახებ კანონში არსებითი თანასწორობის პრინციპის დანერგვა, გენდერული თანასწორობის წახალისებისთვის სპეციალური ზომების შემოღება, საჯარო დაწესებულებებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებისა და თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარების სავალდებულო წესით დანერგვა.

ინიციატივა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.