საჯარო მოხელეები გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ცოდნას იღრმავებენ

თარიღი:

საჯარო მოხელეები გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ტრენინგს ესწრებიან. Ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საჯარო მოხელეები გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ტრენინგს ესწრებიან. Ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

“პეკინის დეკლარაციასა და მის სამოქმედო პლატფორმაში” გათვალისწინებული გენდერული მეინსტრიმინგის დღის წესრიგის შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას პოლიტიკის შემუშავებასა და საბიუჯეტო პროცესებში გენდერული მონაცემებისა და ანალიზის ინტეგრირებაში.

2024 წლის ზაფხულში, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჯარო მოხელეებისთვის გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ტრენინგები ჩაატარა. შეხვედრები მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ გენდერული მონაცემების ანალიზისა და ინდიკატორების გამოყენებით, პოლიტიკისა და ბიუჯეტის შემუშავების პროცესებში ეფექტიანი გენდერული მეინსტრიმინგი განახორციელონ.

ინიციატივა ეხმიანება „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სტრატეგიითა“ და შესაბამის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს, რაც პოლიტიკის შემუშავების პროცესებში გენდერული პერსპექტივის უფრო აქტიურ გათვალისწინებას გულისხმობს.

ტრენინგებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს122-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა, თუ როგორ შეუწყონ ხელი გენდერულად მგრძნობიარე და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას დარგობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ამას გარდა, მათ შეიძინეს ის პრაქტიკული უნარები, რომლებიც შესაბამის დარგებში გენდერული საკითხების ინტეგრირებისთვისაა მნიშვნელოვანი.

შეხვედრებზე განხილულ თემებს შორის იყო კონკრეტულ დარგობრივ პოლიტიკაში გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტები და სტრატეგიები, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის თანამედროვე ტექნიკები და გენდერული მონაცემების თუ ინდიკატორების ეფექტიანად გამოყენება. მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ იხელმძღვანელონ გენდერული ინდიკატორებით პოლიტიკების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ინტერაქტიური სავარჯიშოების, ჯგუფური დისკუსიებისა და პრაქტიკული მაგალითებით, საჯარო მოხელეებმა ცოდნა მიიღეს სამუშაო პროცესში გენდერული მეინსტრიმინგის ინტეგრირების შესახებ და გაეცნენ ტექნიკებს, რომლებიც დაეხმარება მათ, იხელმძღვანელონ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ინკლუზიური და თანასწორი პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობები.

„ტრენინგი დაგვეხმარა, მიგვეღო ღირებული ცოდნა თუ როგორ შეიძლება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში გენდერული პერსპექტივების ეფექტიანად ინტეგრირება. ეს უნარები ხელს შეგვიწყობს უფრო სამართლიანი და ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებაში”,- აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა, ბათუ გურჯიძემ.

ტრენინგები წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის იმ ფართომასშტაბიანი საქმიანობის ნაწილს, რომელიც საქართველოში გენდერულად მგრძნობიარე მმართველობის პროცესების მხარდაჭერას ემსახურება. პოლიტიკის შემუშავებასა და საბიუჯეტო პროცესებში გენდერული საკითხების ინტეგრირების საკითხებზე საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერებით, ცნობიერების ამაღლების ამგვარი ინიციატივები ხელს უწყობს მმართველობითი სტრუქტურების განვითარებას, რაც ყველა მოქალაქის საჭიროებების მიმართ უფრო ინკლუზიურ და მგრძნობიარე მიდგომას უზრუნველყოფს.

ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ (WILD) ფარგლებში ჩატარდა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.