ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარული დიალოგი გრძელდება

თარიღი:

შეხვედრის მონაწილეები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
შეხვედრის მონაწილეები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების მხარდაჭერას, რომელთა მთავარი მიზანიც სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებაა. ერთ-ერთი ამგვარი შეხვედრა 18 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, თვრამეტი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლთან გაიმართა.

შეხვედრის მიზანს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე, 58-ე და 59-ე რაუნდების შედეგების, ასევე, ამ პროცესში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. მისი მიმდინარეობისას მონაწილეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს. ამას გარდა, საუბარი შეეხო მოლაპარაკებების პროცესში გენდერული პერსპექტივის გათვალისწინების მნიშვნელობასაც, რასაც ქართველი მონაწილეები პროცესის მსვლელობის დროს განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებენ.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ქალების ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ინფორმაცია ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფებში განხილულ საკითხებზე გაუზიარეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.

„გამყოფი ხაზის სოფლებში ადამიანებს უნდა ავუხსნათ წინასწარ, როგორ მოიქცნენ გარკვეულ სიტუაციებში, რომ გაცილებით უკეთ გაუმკლავდნენ ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა, მაგალითად, უკანონო გატაცებები. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზციები, მზად ვართ სახელმწიფო უწყებებთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს ერთგვარი მოქმედების სქემა, რომ იცოდნენ, რა სიტუაციაში როგორ ჯობია მოქცევა“ ,- აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თანადამფუძნებელმა, მარინა ფოჩხუამ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.