იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან
თარიღი:
იძულებით გადაადგილებულ ქალებს უნიკალური გამოცდილება და გამოწვევები აქვთ, ამიტომ კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ეფექტიანი პოლიტიკისთვის მათი შეხედულებების გათვალისწინება აუცილებელია. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ 228 951 იძულებით გადაადგილებულ პირს შორის 100 628 ქალია, თუმცა მათი თანაბარი, სრული და ეფექტიანი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების პროცესებში გამოწვევად რჩება.
ამ გამოწვევის დაძლევის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა იძულებით გადაადგილებული ქალების დამოკიდებულებების, კონფლიქტების მოგვარების გზების, შერიგებისა და მშვიდობის შესახებ. ამავდროულად, მისი ერთ-ერთი მიზანი იყო, გამოევლინა ფაქტორები, რომლებიც აფერხებს იძულებით გადაადგილებული ქალების მონაწილეობას კონფლიქტის ტრანსფორმაციაში და ხელი შეეწყო სამომავლოდ მათი ჩართულობისთვის.
კვლევის მიგნებებს 27 თებერვალს შესაბამის საკითხებზე მომუშავე საჯარო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები გაეცნენ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შედეგების მიხედვით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული ქალების უმრავლესობა - 87% - ფიქრობს, რომ კონფლიქტი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, 88% აფხაზ მოსახლეობასთან, 85% კი - ოს მოსახლეობასთან შერიგების მომხრეა. კვლევაში მონაწილე ქალებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ყველაზე მეტად ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების დამეგობრება (55%) და აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმოსვლის გამარტივება (53%) შეუწყობს ხელს.
„კვლევამ საყურადღებო დეტალები გამოავლინა. მაგალითად ის, რომ თითქმის ყველა მეორე ქალს კონტაქტი აქვს ცხინვალთან და აფხაზეთთან. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან აჩვენებს, რომ არსებობს დიდი რესურსი, რომელიც დღემდე არ არის გამოყენებული“, - განაცხადა დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ, იულია ხარაშვილმა.
კვლევის პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა. მისი მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჟურნალისტიკის როლზე კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაზე, მშვიდობის მშენებლობის ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
კვლევა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, კვლევითმა კომპანია „ანოვამ“ 2023 წელს განახორციელა და მან როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი - პირისპირ და სიღრმისეული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები და ლიტერატურის მიმოხილვა მოიცვა. ღონისძიება პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.