გენდერული საკითხების გათვალისწინება დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესებში

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ ჟუსტინა მელნიკევიჩი

საქართველო

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, ქვეყანაში ადგილობრივ დონეზე გენდერული ბიუჯეტირების შემოღების მიზნით, 2013 წლიდან მუშაობს. 2013-2014 წლებში ამ კუთხით საქმიანობა ხუთ მუნიციპალიტეტში წარიმართა, 2019 წელს კი იგი კიდევ უფრო გაფართოვდა. ახლა ორგანიზაცია გენდერული ბიუჯეტირების დანერგვას მთელი საქართველოს მასშტაბით, 15 მუნიციპალიტეტში უწყობს ხელს. აღნიშნული საქმიანობა მიმართულია როგორც ადგილობრივად მობილიზებულ ქალებზე, ისე თვიმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებზე.

საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასა და ქალთა სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაცია ფონდ „ტასოსთან“ პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამიზნე თვითმმართველობების თანამშრომლებისთვის გენდერული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიაში შესაძლებლობათა განვითარების კუთხით მუშაობს. ეს საქმიანობა მიზნად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გენდერული ბიუჯეტირების ინსტიტუციონალიზაციას ისახავს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფონდ „ტასოსა“ და კიდევ ერთ სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობს, რათა გააძლიეროს სოფლად მცხოვრები ქალების უნარები და შესაძლებლობა, მიზანმიმართული მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესებში. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა თანამშრომლებსა და მობილიზებულ ქალთა ჯგუფებს შორის ქმნის პლატფორმებს, რათა ხელი შეუწყოს ამ თემებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის აქტუალური საკითხების ირგვლივ დიალოგს.

სომხეთი

სომხეთში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი გაეროს განვითარების პროგრამის სომხეთის ოფისსა და ტერიტორიული ადმინისტრირების, განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გეგჰარკუნიკისა და შირაქის რეგიონების ხუთ მუნიციპალიტეტში გენდერული ბიუჯეტირების შემოღებაზე მუშაობს. ამ ინიციატივის ფარგლებში, ადგილობრივ ქალებს ადგილობრივი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესებისა და მათზე ზეგავლენის საშუალებების გაგებაში, ასევე, ადგილობრივ გეგმებსა და ბიუჯეტებში საკუთარი პრიორიტეტების ჩართვის ადვოკატირებაში ეხმარებიან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესებში გენდერული საკითხების ჩართვის შემოღებისკენაა მიმართული, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის (საგარეო საქმეთა სამინისტრო), შვეიცარიის მთავრობის (შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო) და ავსტრიის მთავრობის (ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო) მიერ.