ქალები თავდაცვის ძალებში სტერეოტიპების წინააღმდეგ

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 10 წელზე მეტია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, უწყებაში გენდერულ მეინსტრიმინგზე აქტიურად მუშაობს. ეს თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის ძალებში ქალების წარმოჩენასა და მათი წვლილის აღიარებას გულისხმობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა. სამხედრო ექიმი, მაიორი მაკა ყურფარაშვილი-საიმონსი და რადიოოპერატორი, კაპრალი ელენე გოროზია ამ პუბლიკაციის გმირები არიან.

თარიღი:

სამხედრო ექიმი, მაიორი მაკა ყურფარაშვილი-საიმონსი. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
სამხედრო ექიმი, მაიორი მაკა ყურფარაშვილი-საიმონსი. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

„პროფესიასა და გმირობას სქესი როგორ შეიძლება ჰქონდეს?“ - სამხედრო ექიმი, მაიორი მაკა ყურფარაშვილი-საიმონსი

43 წლის მაიორი მაკა ყურფარაშვილი-საიმონსი შერეული საავიაციო ბაზის ექიმია. ბავშვობიდან ესმოდა, რომ ქალებს სხვა პროფესიები შეეფერებათ, კაცებს კი - სხვა. პირველი პროტესტიც მაშინ გაუჩნდა. „ასეთი მითების არასდროს მჯეროდა. ის, რასაც სხვები „კაცურს“ უწოდებდნენ, ჩემთვის მხოლოდ ადამიანურს ნიშნავდა. პროფესიასა და გმირობას სქესი როგორ შეიძლება ჰქონდეს? ამ შინაგანი პროტესტის გამო, ორი ურთულესი საქმე - ექიმობა და სამხედრო მოსამსახურეობა გავაერთიანე“, - ამბობს მაკა.

2001 წელს, სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მაკამ მუშაობა დაბა ვაზიანის ამბულატორიაში დაიწყო. პირველად ფორმიანი ქალიც იქაურ სამხედრო ბაზაზე ნახა. „სუნთქვა შემეკრა, ისე მომინდა მის ადგილას ყოფნა. ზუსტად ვიცოდი, სახლში ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა, მაგრამ სურვილი იმდენად ძლიერი იყო, ჩუმად მაინც გავარკვიე, რა დამჭირდებოდა სამხედრო ექიმობისთვის“, - იხსენებს მაკა.

უნივერსიტეტის დამთავრებიდან 9 თვეში მაკა პირველ ქვეით ბრიგადაში ექიმ-სტომატოლოგად აიყვანეს. რთული საქმის შესრულება უწევდა: ორი პროფესია ერთმანეთისთვის ზედმიწევნით უნდა შეეთავსებინა, შვილზე ზრუნვაც დიდ ენერგიასა და პასუხისმგებლობას მოითხოვდა, თუმცა გადაწყვეტილება არასდროს უნანია. „დედას კი არ უნდოდა, რომ ეს პროფესია ამერჩია, მაგრამ მერე მხარს ძალიან მიჭერდა. მის გარეშე, ალბათ, გამიჭირდებოდა“, - ამბობს მაკა.

მას შემდეგ ბევრი ყაზარმული რეჟიმი, პოლიგონი, მივლინება, პაციენტი და ოთხი რთული სამშვიდობო მისია იყო. მაიორი ყურფარაშვილი ჯერ ერაყში, შემდეგ კი სამჯერ ავღანეთში იმყოფებოდა. მომავალი მეუღლე ლარი საიმონსიც ერთ-ერთი ასეთი მისიისას გაიცნო.

მაკა ფიქრობს, რომ ადრე, როცა ამ საქმეს თავად იწყებდა, ქალისთვის სამხედრო კარიერა და წინსვლა გაცილებით რთული იყო, დროსთან ერთად კი, ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, საყვარელი პროფესიების ერთგულება უცვლელი დარჩა: „ოცი წელია, ორი ფორმა მაცვია და ორ საყვარელ საქმეს ვემსახურები. რაც დრო გადის, განსაკუთრებულად ვგრძნობ, რამხელა პატივია, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და თუნდაც უმცირესი წვლილის შეტანა შეგეძლოს, როგორც ექიმს, როგორც ოფიცერს. ამაყი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა“, - ამბობს მაკა.

სამხედრო კარიერაში მომავლის დაგეგმვა რთულია. მაიორი ყურფარაშვილი სულ გამოწვევების მოლოდინშია. იცის მხოლოდ ის, რომ იქნება იქ და იმ დროს, სადაც მისი საქმე დასჭირდებათ.

რადიოოპერატორი, კაპრალი ელენე გოროზია. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
რადიოოპერატორი, კაპრალი ელენე გოროზია. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

"ჩვენ უკვე დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ ქალის ადგილი აქ არ არის“, - რადიოოპერატორი, კაპრალი ელენე გოროზია

„დედიკო, როცა გავიზრდები, მეც ჯარისკაცი გავხდები“,- ამ ფრაზას ელენე გოროზიას 5 წლის ბიჭი განსაკუთრებული სიამაყით ამბობს ხოლმე. ელენე რადიოოპერატორია, ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულის კავშირგაბმულობის ოცეულში მსახურობს და როგორც მისი შვილი, თავადაც სამხედრო სფეროს წარმომადგენლების ოჯახშია გაზრდილი. „ბავშვობიდანვე ფორმიანი ადამიანების გარემოში ვიყავი და ეს პროფესია მეც მინდოდა. 2008 წელს, როცა აგვისტოს ომში ჩემი ძმა დაიღუპა, საბოლოოდ გადავწყვიტე, მისი საქმე გამეგრძელებინა“, - ამბობს კაპრალი ელენე გოროზია.

პროფესიის დაუფლებამდე ელენემ რამდენიმე კურსი გაიარა. ის ჯერ კადრების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი - საშტაბო ასეულის კავშირგაბმულობის ოცეულში. „სამხედრო სფერო ადვილი ზოგადად არ არის, მით უმეტეს, ქალისთვის. რთულია, რომ კაცებს გაუთანაბრდე. სიძნელეების გადალახვაში პროფესიისადმი განსაკუთრებული სიყვარული დამეხმარა“, - აღნიშნავს ელენე.

მასთან ერთად, თავდაცვის ძალებში არაერთი ქალია. "ჩვენ უკვე დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ ქალის ადგილი აქ არ არის. ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც მოსწონს და ბედნიერებას ანიჭებს. ჩემთვის ასეთი საქმე სამშობლოსთვის სამსახურია“, - აღნიშნავს კაპრალი გოროზია.

ელენე ფიქრობს, რომ კავშირგაბმულობა, განსაკუთრებით კი სამხედრო, მუდმივი განვითარების საშუალებას იძლევა, ამიტომ გასვლით სწავლებებში ხშირად მონაწილეობს. უნდა, რომ მეტი ცოდნა მიიღოს და პროფესიულად გაიზარდოს.

პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“ მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ.