სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ქალები მოლაპარაკებისა და მედიაციის შესახებ კომპეტენციებს იმაღლებენ

თარიღი:

მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: ნატოს სამეკავშირეო ოფისი
მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: ნატოს სამეკავშირეო ოფისი

მოლაპარაკებებსა და მედიაციაში ქალების ჩართულობას კონფლიქტების მოგვარებასა და გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის მშენებლობის პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. მიუხედავად ამისა, ქალები მოლაპარაკებების მაგიდასთან კვლავაც ნაკლებად ჩანან, მათ შორის, საქართველოშიც.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ფარგლებში, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ქალების გაძლიერებასა და მომზადებას, რათა მათ სათანადო კომპეტენციებისა და უნარების მიღებით, სამომავლოდ მოლაპარაკებებისა და მედიაციის პროცესებში ეფექტიანი როლის შესრულება შეძლონ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 10-12 ნოემბერს, ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით გამართული 3-დღიანი ინტენსიური ტრენინგი. მისი მიმდინარეობისას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ლიდერ ქალებს საშუალება ჰქონდათ, საერთაშორისო ექსპერტის, დოქტორ გალ ჰარმატისგან მოესმინათ გენდერული პერსპექტივების მეშვეობით კონფლიქტების გადაწყვეტის მეთოდების, ეფექტიანი მოლაპარაკებებისთვის საჭირო კრეატიული მიდგომებისა და ინკლუზიური ინიციატივების შესახებ.

3 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ მედიაციის ტექნიკებს, დიალოგის შესაძლელობების შექმნას, ქსელური მუშაობის სტრატეგიებსა და ა.შ. ტრენინგი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებს მიმდინარე კონფლიქტებსა და სამშვიდობო პროცესებში გენდერულ საკითხების შესახებ. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ის 22 წარმომადგენელი დაესწრო, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემებზე მუშაობენ.

„ჩემთვის ეს სამი დღე ბევრის მომცემი გამოცდილება იყო. ჩავუღრმავდით კონფლიქტების ეფექტიანი გადაჭრის გენდერულ ასპექტებს, კრეატიული მოლაპარაკებების სტრატეგიებისა და ინკლუზიური ინიციატივების საკითხებს. პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა და დისკუსიებმა არა მხოლოდ გააუმჯობესა ჩემი ინდივიდუალური უნარები, არამედ ხელი შეუწყო თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. სწავლისა და პრაქტიკისადმი შემოქმედებითი მეთოდებით მიდგომა გადამწყვეტია მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა ქსელის ზრდისა და მისი გავლენის გაუმჯობესებისთვის“, - აღნიშნა მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, ელეონორა ჭანიამ, რომელიც ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაშიც დაეხმარება. ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილს წარმოადგენდა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.