მშვიდობის ელჩი ქალები საქმიანობის შედეგებს აჯამებენ
თარიღი:
დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, თემის ლიდერი ქალები, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებაში. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს საქართველოში პირველი მასშტაბური ქსელის „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“ შექმნა, რომელიც 2023 წლის ბოლოდან მოქმედებს.
ქსელი 17 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 200-ზე მეტ ქალსა და ახალგაზრდას აერთიანებს. ყველა მათგანი გადამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინფორმაციის შეგროვებისა და დოკუმენტირების საკითხებში, ჩართულია ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებისა და ადვოკატირების პროცესებში.
სწორედ ამ გამოცდილების გასაზიარებლად და არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ 22-23 თებერვალს წყალტუბოში ქსელის წევრი ქალები და ახალგაზრდები, რომლებმაც დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრეს, მათი მოგვარების პროცესში შექმნილ სირთულეებზე იმსჯელეს და 2024 წელს შესრულებული სამუშაო შეაჯამეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2024 წლის განმავლობაში ქსელის წევრებმა თემებში ადგილობრივი საჭიროებების შესწავლის შედეგად, 17 სამიზნე მუნიციპალიტეტში 41 სათემო ინიციატივა განახორციელეს. ამას გარდა, თემის ლიდერმა ქალებმა დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა საჭიროებების შესახებ ადვოკატირების 77 საკითხი გამოავლინეს, მათ შორის 23 უკვე წარმატებით გადაიჭრა, დანარჩენებზე კი შესაბამის უწყებებთან მუშაობა გრძელდება.
ამ შედეგებთან ერთად, ქალებმა ისაუბრეს პრობლემებზეც, რომლებიც დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის კვლავაც აქტუალურია. გამოწვევებს შორის კი მათ შეხვედრებისთვის საჭირო სივრცეების არარსებობა, ცვალებად პოლიტიკურ გარემოში გართულებული კომუნიკაცია და ნდობის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები, ახალგაზრდებისა და ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა დაასახელეს.
შეხვედრის ბოლოს ქსელში გაერთიანებულმა ლიდერმა ქალებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საჭიროა, საკუთარი გამოცდილება და შესაძლებლობები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისთვის გააერთიანონ, ხაზი გაუსვან როლს, რომელსაც ქალები და გოგოები კონფლიქტების პრევენციაში, მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობაში ასრულებენ, განაგრძონ საკუთარი საჭიროებების შესახებ საინიციატივო წინადადების შემუშავება და ადვოკატირება.
„ქსელის წევრი ქალების სიძლიერე, გამბედაობა და წინსვლა დაუღალავი შრომის შედეგია. მჯერა, რომ ქალებს შეგვიძლია ჩვენი სწორი ხედვებითა და მოქმედებით ბევრი რამ შევცვალოთ, შევქმნათ საქართველოს განვითარებული და ბედნიერი მომავალი. ლიდერი ქალების სიმრავლე ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნა თამარ საჩალელმა, ქსელის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში ცხოვრობს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციაზე 2018 წლიდან მუშაობს. ინიციატივა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - ქალთა საინფორმაციო ცენტრის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობისა” და ქალთა ფონდ “სოხუმის” ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაცია და ქსელის „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“ ფორმირება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი.