საქართველოს პარლამენტში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე თემატური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი:

თეონა აქუბარდია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ მომზადებულ თემატურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოსთან წარადგენს. ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თეონა აქუბარდია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ მომზადებულ თემატურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოსთან წარადგენს. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების მხარდაჭერასა და დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების საჭიროებების ადვოკატირებას აგრძელებს.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, 27 სექტემბერს, თემატურმა მომხსენებელმა, თეონა აქუბარდიამ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ მომზადებული თემატური ანგარიში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოს წარუდგინა. პრეზენტაციას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას თეონა აქუბარდიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც დევნილ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა რეკომენდაციებზეც, რომლებიც ანგარიშმა ასახა. მათ შორისაა: ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ქალების ეფექტიანი ჩართულობის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ინფორმირება კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში მზაობის შესახებ, კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის პოლიტიკის შემუშავება და სხვა.

„ჩვენ რეკომენდაციების გზით უნდა შევძლოთ, გავაუმჯობესოთ მათი პირობები ისევე, როგორც პარლამენტიდან ზედამხედველობა გავუწიოთ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებას. ანგარიშზე მუშაობის დროს განსაკუთრებით ფოკუსი გავაკეთეთ ქალებზე, რომლებიც გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადებას წინ უძღოდა თეონა აქუბარდიას შეხვედრები დევნილ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან. შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მისი ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით გაიმართა და მათი მიმდინარეობისას ქალებმა იმ პრობლემებსა და სირთულეებზე ისაუბრეს, რომლებსაც ყოველდღიურობაში აწყდებიან.

წარდგენილი ანგარიში შემდგომი რეაგირებისა და პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ქმედითი ღონისძიებების განსაზღვრისთვის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და შესაბამის კომიტეტებს გადაეცემა.

საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდამჭერი აქტივობები, მათ შორის ანგარიშის მომზადება, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.