საჯარო სამსახურის ბიუროში გენდერული თანასწორობის პროგრესი გრძელდება

თარიღი:

საჯარო სამსახურის ბიურომ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო შეხვედრა „გენდერული თანასწორობა საჯარო სამსახურში - არსებული პროგრესი და სამომავლო ნაბიჯები“ გამართეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საჯარო სამსახურის ბიურომ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო შეხვედრა „გენდერული თანასწორობა საჯარო სამსახურში - არსებული პროგრესი და სამომავლო ნაბიჯები“ გამართეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოს საჯარო სამსახურში ქალები საჯარო მოხელეების 30%-ს შეადგენენ და პირველი რანგის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 35%-ს იკავებენ. გენდერული სხვაობა და დისბალანსი კიდევ უფრო იზრდება მმართველ პოზიციებზე: სხვადასხვა საჯარო სამსახურის ხელმძღვანელებისა და მოადგილეების პოზიციებზე ქალები მხოლოდ 13%-ს შეადგენენ. არსებული სტატისტიკის გასაუმჯობესებლად, საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ლიდერობის გაძლიერებას აგრძელებს.

ამ მიზანს ემსახურებოდა სამუშაო შეხვედრა „გენდერული თანასწორობა საჯარო სამსახურში - არსებული პროგრესი და სამომავლო ნაბიჯები“, რომელიც 15 მაისს საჯარო სამსახურის ბიურომ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივად გამართეს. შეხვედრის პირველი ნაწილი ბიუროს წარმომადგენლებისთვის დროის გამოყენების გამოკვლევის წარდგენას დაეთმო, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარდა. კვლევა 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნდა. იგი აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის იმ არაპროპორციული ტვირთის შესახებ, რომელიც ქალებს საქართველოში აქვთ, მრავალფეროვან მონაცემებსა და ანალიზს აერთიანებს. პრეზენტაციის შემდეგ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა საჯარო სამსახურში ქალთა მონაწილეობის მთავარი ბარიერებზე, ქალთა ლიდერობისა და გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მომდევნო ნაწილი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების პირველადი მიგნებების განხილვას დაეთმო. კვლევის მიგნებები ხაზს უსვამს ქალთა დაბალ მონაწილეობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში (კერძოდ, საჯარო სამსახურის მენეჯერულ პოზიციებზე ქალების სიმცირეს), გენდერულად არამგრძნობიარე კარიერული განვითარების პოლიტიკისა და ქალებზე მორგებული სამუშაო გარემოს არარსებობას.

ამას გარდა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გენდერული თანასწორობის 2022 წელს შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროგრესზე, ბოლოს კი 2023-2024 წლებში საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული სამომავლო ნაბიჯებიც დაიგეგმა.

„საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც გენდერულად მგრძნობიარე საჯარო სამსახურის გაძლიერებას ისახავს მიზნად, უკვე აღიარებულია მნიშვნელოვან წარმატებად ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტრუმენტის მიერ, როგორიცაა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) კომიტეტი (დასკვნითი დაკვირვებები საქართველოს მეექვსე პერიოდულ ანგარიშზე). მოხარულები ვართ, რომ დღეს ბიუროს უკვე შეუძლია ისაუბროს პროგრესზე გენდერული თანასწორობის შიდა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავდა და დამტკიცდა“,- აღნიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, თეიმურაზ ჩიხრაძემ.

 

სამუშაო შეხვედრა განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ (WILD) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში.