საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პოლიტიკაში გენდერულ მეინსტრიმინგზე თემატური მოკვლევა ჩაატარა
თარიღი:
ტრადიციული მიდგომის თანახმად, სამთავრობო პოლიტიკა გენდერულად ნეიტრალურად იყო მიჩნეული, რადგან ივარაუდებოდა, რომ მისი სარგებლიანობა ქალებსა და კაცებზე ავტომატურად თანაბრად ნაწილდებოდა. თუმცა, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სამთავრობო პოლიტიკა მათზე განსხვავებულ გავლენას ახდენს. უფრო მეტიც: ესა თუ ის პოლიტიკა ხშირად საზოგადოებაში არსებულ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უთანასწორობებს კიდევ უფრო ამწვავებს. როდესაც გენდერული თანასწორობის საკითხები სახელმწიფო ინსტიტუტების, კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პროგრამების მუშაობის პროცესებშია ინტეგრირებული, ისინი ქალებისა და კაცებისთვის უფრო უკეთეს, თანასწორ შედეგებს იძლევა და კარგ მმართველობას უწყობს ხელს.
მიმდინარე წლის 5 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის, „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“ შედეგები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების 30-მდე წარმომადგენელს გააცნო. თემატური მოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა და მან პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების სამთავრობო სტანდარტები გენდერული თანასწორობის საკითხების ჭრილში იკვლია. ასევე, მისი მიზანი იყო გენდერული საკითხების ინტეგრირების შესწავლა ქვეყნის განვითარების საკვანძო მიმართულებების განმსაზღვრელ სამთავრობო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში (საკვლევი ჩარჩო: სოციალური-ეკონომიკური განვითარება, შრომა და დასაქმება, განათლება და მეცნიერება, საჯარო მმართველობა).
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრისა და თემატური მოკვლევის მთავარი მომხსენებლის, მარიამ ლაშხის თქმით, თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო პოლიტიკებში გენდერული საკითხების მეინსტრიმინგის არსებული მდგომარეობა გაანალიზდა. „საბჭო გეგმავს, თვალი ადევნოს ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესრულებას და აღასრულოს საპარლამენტო მონიტორინგისა და ზედამხედველობის ფუნქცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეკომენდაციების შესრულება და ამ სფეროში პროგრესის მიღწევა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
თემატური მოკვლევის ძირითადი მიგნებები ცხადყოფს, რომ უკანასკნელ პერიოდში არსებული პროგრესის მიუხედავად, სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტებში გენდერული ასპექტების სისტემატური გათვალისწინება არ ხდება. ანგარიში აჩვენებს, რომ საჯარო პოლიტიკის შემუშავების არსებულ სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის ინდიკატორები ინტეგრირებული არ არის და საჯარო პოლიტიკის დაგეგმვისას, როგორც წესი, გენდერული ანალიზი არ ხორციელდება. ანგარიშში გენდერული თანასწორობის საბჭო რეკომენდაციით მიმართავს სამთავრობო უწყებებს, გენდერული მეინსტრიმინგის მეთოდოლოგიების ინსტიტუციონალიზაცია საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესში ყველა სექტორში მოახდინონ.
ინიციატივა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” პროექტის ფარგლებში განხორციელდა.