ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარული დიალოგი გრძელდება

თარიღი:

შეხვედრის მონაწილეები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
შეხვედრის მონაწილეები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების მხარდაჭერას, რომელთა მთავარი მიზანიც სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებაა. ერთ-ერთი ამგვარი შეხვედრა 16 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრის მიზანს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდის შედეგების, ასევე, ამ პროცესში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. მისი მიმდინარეობისას მონაწილეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს. ამას გარდა, საუბარი შეეხო მოლაპარაკებების პროცესში გენდერული პერსპექტივის გათვალისწინების მნიშვნელობასაც.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ქალების ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ზვიადაძემ გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და მათ შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე პროგრამებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

შეხვედრას სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქალთა მეტი ჩართულობისა და მათი საჭიროებების თუ პრიორიტეტების გათვალისწინებისთვის, მნიშვნელოვანია, ფორმალური ფორმატის გარდა, გაჩნდეს სივრცე არაფორმალური შეხვედრებისთვის არასამთავრობო სექტორსა და ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ დამფუძნებელმა, იულია ხარაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.