საქართველოს უსაფრთხოების სექტორი გენდერული ანალიზის შესახებ ცოდნას იღრმავებს

თარიღი:

ტრენინგი უსაფრთხოების სექტორში გენდერული ანალიზის ინტეგრირების საკითხებზე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგი უსაფრთხოების სექტორში გენდერული ანალიზის ინტეგრირების საკითხებზე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული ანალიზის ინტეგრირების კუთხით საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერასა და შესაბამისი ცოდნის გაღრმავებაში ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით, 6-7 ოქტომბერს, ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრთან (DCAF) თანამშრომლობით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების სერიის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას მათი უწყებების საქმიანობებში გენდერული ანალიზის ინტეგრირების შესახებ. შეხვედრებზე განხილული იყო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები და მათი ეფექტიანი განხორციელება. საგულისხმოა, რომ მონაწილეებმა ტრენინგების მიმდინარეობისას ერთმანეთს საკუთარი უწყებების მიღწევები გაუზიარეს და არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უსაფრთხოების სექტორმა კიდევ უფრო დაუჭიროს მხარი გენდერულ თანასწორობასა და სამართლიანობას. შესაბამისად, მოცემული ტრენინგი გვეხმარება, მეტი ინფორმაცია მივიღოთ გენდერული ანალიზის შესახებ და შემდგომ ის ინსტიტუტის პოლიტიკის შეფასებისა და დაგეგმვისთვის გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ნათია ზოიძემ, ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კიდევ ერთმა დამსწრემ, გიორგი ბარამიძემ კი ინსტიტუციურ განვითარებაში გენდერული თანასწორობის საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გენდერული თემების ინტეგრირება ზრდის ინსტიტუციის მოქნილობასა და მის ეფექტიანობას“, - აღნიშნა მან.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული ანალიზის ინტეგრირების კუთხით საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს.

პროფესიული განვითარების ტრენინგების სერია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის, ასევე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის მხარდაჭერილი.