გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს სექსუალური ძალადობის საკითხებზე მართლმსაჯულების გაძლიერებას

თარიღი:

ტრენინგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის. ფოტო: ევროპის საბჭო
ტრენინგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის. ფოტო: ევროპის საბჭო

სექსუალური ძალადობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწა და მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეების გადამზადების კუთხითაც მუშაობს.

ზაფხულის განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროპის საბჭოსა და Equality Now-სთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის, ასევე, მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეებისთვის, 3 ტრენინგი ჩაატარა. გადამზადება მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების საკითხებში, რათა მათ საკუთარი მოვალეობების განხორციელებისას მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების უკეთ გამოყენება შეძლონ. სულ ტრენინგი 40-მა მონაწილემ გაიარა. საგულისხმოა, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის გადამზადებული 7 ტრენერი მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების სწავლებას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

სასწავლო მოდული კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებზეა მორგებული. იგი ისეთ საკითხებს აერთიანებს, როგორებიცაა სქესობრივი დანაშაულების გენდერული ხედვით გააზრება სტამბოლის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის სტანდარტების შესაბამისად, მსხვერპლზე ორიენტირებული სტრატეგიების შესწავლა, სექსუალური ძალადობის შესახებ მითებისა და სტერეოტიპების ამოცნობა და აღმოფხვრა, მტკიცებულებითი სტანდარტების გადასინჯვისა და კონტექსტზე დაფუძნებული შეფასების მნიშვნელობა, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირების კონკრეტული გარემოებების გაანალიზება და ა.შ.

როგორც ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერმა, გიორგი კერატიშვილმა აღნიშნა, სემინარის მიმდინარეობისას დასმულმა რელევანტურმა აქცენტებმა საქმის განმხილველ მოსამართლეებს გაუპატიურების არსის ფართოდ გაგებისთვის სრული ინფორმაცია მისცა: „ყურადღება გამახვილდა პროცესის წარმართვასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას უპირობოდ საჭიროებს, რათა სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთა დისკრედიტაცია და ხელახალი ვიქტიმიზაცია არ მოხდეს. ამასთან, სწორი აქცენტები გაკეთდა სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებაში ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ და ადამიანის ფსიქიკაში დალექილ უამრავ სტერეოტიპულ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელების პროცესში ფაქტების ფართო და სწორ შეფასებებს შეუწყობს ხელს“,- დასძინა გიორგი კერატიშვილმა.

ტრენინგის მოდული ემყარება სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს მიერ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, მათ შორის სასამართლოს წარმომადგენლების მხარდაჭერით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ ამავე სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, სექსუალური ძალადობის საკითხებზე მომზადდა სპეციალური მოდული ადვოკატებისთვისაც და ტრენერად 16 ადვოკატი გადამზადდა.

ტრენინგების სერია გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNJP) ნაწილია, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.