გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება რეგიონული მედიის ფოკუსში

თარიღი:

ტრენინგი გენდერულად მგრძნობიარე რეპორტინგის შესახებ ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში.ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ტრენინგი გენდერულად მგრძნობიარე რეპორტინგის შესახებ ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში.ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა უფლებებისა და ლგბტქი საკითხების ეთიკური მედიაგაშუქების ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით, ქარტიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გენდერულად მგრძნობიარე რეპორტინგის საკითხებზე ჟურნალისტებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს როგორც მათი ცნობიერების გაზრდას, ისე შესაბამისი სტანდარტებისა და თვითრეგულირების მექანიზმების პოპულარიზაციას.

აპრილსა და მაისში გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების ტრენინგები ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გაიარეს. აღსანიშნავია, რომ 25 ჟურნალისტთან ერთად, ტრენინგებს საკუთარი სურვილით ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წევრები და აქტივისტებიც დაესწრნენ. მონაწილეებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადების პრინციპები და მნიშვნელობა, არაეთიკური რეპორტაჟის მაგალითები, მედიის მიერ დისკრიმინაციული დამოკიდებულებების გავრცელება და ა.შ. ტრენინგი გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადების წესების, სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქების პრინციპების, ქალთა და ლგბტქი საკითხებზე მუშაობის საუკეთესო გამოცდილების, რეკომენდაციებისა და სხვა სასარგებლო მასალის გაზიარებასაც ითვალისწინებდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო. გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების, ინფორმაციის მართებული ტერმინოლოგიით გადაცემის შესახებ საინტერესო რეკომენდაციები მივიღე. ამ ცოდნას ჩემს საქმიანობაში აუცილებლად გამოვიყენებ“,- განაცხადა სათემო რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტმა და ტრენინგის ერთ-ერთმა დამსწრემ, მარიამ ქველაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგების დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა როლური თამაში „იყო მის ადგილას“ ჩაატარეს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. იგი მონაწილეებს ეხმარება, საკუთარ თავზე განიცადონ იმ ქალებისა და გოგოების რეალური ისტორიები, რომლებსაც ძალადობის გამოცდილება აქვთ, გაიგონ მეტი პრობლემის შესახებ და გახდნენ უფრო ემპათიურები მის მიმართ.

სწორედ ამ ფაქტორს გაუსვა ხაზი თამაშის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფარიზ დაშდამიროვმაც: „ახლა უფრო კარგად გავიაზრე, თუ რისი გადატანა და რა გზის გავლა უწევთ ოჯახში ძალადობისას ქალებს. ვიმედოვნებ, ასეთი შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.

ჟურნალისტების ტრენინგების მოდული სპეციალურ სახელმძღვანელო წესებს ეყრდნობა, რომლებიც მედიასაშუალებებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავდა. მის საფუძველზე გადამზადდნენ ტრენერებიც, რომლებიც ქვემო ქართლის გარდა, მიმდინარე წელს ტრენინგებს გურიასა და თბილისშიც ჩაატარებენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.