გულგრილობის ვირუსი კლავს — გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალი ონლაინკამპანია დაიწყო
საქართველოს მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ონლაინკამპანია მიზნად ამ რეალობის შეცვლას ისახავს და მოუწოდებს ყველას, არ იყვნენ გულგრილები ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.თარიღი:
ერთი შეხედვით, სახლი ყველასთვის ყველაზე დაცული ადგილია, თუმცა ბევრ ქალსა თუ გოგოს საშიშროება სწორედ საკუთარ სახლში ემუქრება. მით უმეტეს პანდემიისას, როცა ვირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და იზოლაციის გამო, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, უამრავი მათგანი ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა COVID-19-მდეც წარმოადგენდა ფართოდ გავრცელებულ, მწვავე პრობლემას, რომლის მოგვარებაშიც საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ახლა, როგორც არასდროს, ადამიანების დროულ და სწორ რეაგირებას ქალების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, როცა ძალადობა მეზობლის, მეგობრის, თუ უბრალოდ ნაცნობის სახლის კარს მიღმა ხდება.
სწორედ საზოგადოების როლზე აკეთებს მთავარ აქცენტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ონლაინკამპანია „გულგრილობის ვირუსი კლავს“. იგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ნაწილს წარმოადგენს და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ონლაინკამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, შექმნილია 6 აუდიოპიესა, რომელთა ავტორებიც ქართველი მწერლები ნესტან ნენე კვინიკაძე და ლაშა ბუღაძე არიან. პიესებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენებითა და სიტუაციებითაა ასახული.
“აუდიტორიაში”ერთ ამბავს სამი პერსონაჟის პერსპექტივიდან ვუტრიალებთ. ესაა ჩემი ვერსია, თუ რას შეიძლება გრძნობდნენ და ფიქრობდნენ ისინი ყველაზე მძიმე წამამდე რამდენიმე საათით ადრე. ესაა ჩემი მცდელობა მეტისმეტად ახლოს მივიდეთ მსხვერპლთან, მოძალადესთან და პირდაპირ თუ ირიბ თვითმხილველთან. მცდელობა მგრძნობელობის და თანაგანცდის გაღრმავების იმ საზოგადოებაში, სადაც განაჩენი გულგრილობას გამოაქვს. სადაც ხმამაღალი მუსიკა უფრო შემაწუხებელია, ვიდრე ქალის ყვირილი და სადაც მეზობლისთვის მოძალადე ყოველთვის “კარგი ბიჭია”, - ამბობს ნესტან ნენე კვინიკაძემ თავის ერთ-ერთ პიესაზე, რომელსაც საფუძვლად რეალური ტრაგედია დაედო.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ ქალს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია. პარალელურად, ქვეყანაში საზოგადოების გულგრილობა ამ პრობლემის მიმართ კვლავაც მაღალია. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა.
კამპანია პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის გამართვას, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. ამავდროულად, პროექტის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა.