გაიარე ძალადობის მსხვერპლი ქალის გზა

თარიღი:

როლური სავარჯიშოს, "იყო მის ადგილას" მონაწილეები გარდაბანში. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
როლური სავარჯიშოს, "იყო მის ადგილას" მონაწილეები გარდაბანში. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„ლევანი ძალიან რომანტიკული იყო. თავს მსოფლიოში ყველაზე იღბლიან ქალად ვგრძნობდი“, „როცა თემურმა ცოლობა მთხოვა, ამბობდნენ, რომ უმშვენიერესი წყვილი ვიყავით“, „გიორგი წერილებს ისე ლამაზად მწერდა, თავი სასიყვარულო რომანის გმირი მეგონა“ - ეს ნაწყვეტები ძალადობის მსხვერპლი ქალების მონათხრობებიდანაა. რეალური ისტორიებიდან, რომლებსაც დასაწყისის მსგავსად, გაგრძელებაც იდენტური აქვთ: ყველა პერსონაჟის ცხოვრებაში მოგვიანებით ოჯახში ძალადობა იწყება.

ნამდვილი ამბები ცნობილი როლური სავარჯიშოს, „იყო მის ადგილას“ სცენარებია. ამ ინოვაციურ მეთოდს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად, სხვადასხვა აუდიტორიასთან აქტიურად იყენებს.

როლური სავარჯიშო სულ 8 სცენარისგან შედგება. ყველა მათგანი განსხვავებული განათლების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობისა და საჭიროებების მქონე ქალის ძალადობრივ გამოცდილებას ეფუძნება. თუკი თითოეულის დასაწყისი და გაგრძელება წინასწარაა ცნობილი, დასასრული მთლიანად მონაწილეებსა და მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. სცენარების გადანაწილების შემდეგ ისინი პერსონაჟების მიერ ძალადობისგან გამოსავლის ძიების, შესაბამისი სერვისებისა და მხარდაჭერის მიღების პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან, ხედავენ, რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ ძალადობრივ პირობებში მცხოვრებ ქალებს და როგორი რთულია მათი გზა. მონაწილეები ყველა დეტალს საკუთარ თავზე განიცდიან და პერსონაჟების გულშემატკივრები ხდებიან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ამჟამად როლური სავარჯიშოს „იყო მის ადგილას“ ჩასატარებლად შეხვედრები ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებში მიმდინარეობს. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, ეთერ ჭელიძემ 24 წლის ლენას როლი მოირგო. გმირისთვის გამოსავალს იგი 2 საათის განმავლობაში ეძებდა, თუმცა სცენარი ისე განვითარდა, რომ მისი პერსონაჟი ყველა მხრიდან გულგრილობას გადააწყდა და ისტორია ლენას სიკვდილით დასრულდა. „ამ პროცესს თან უდიდესი ემოცია ახლავს. ძალიან გინდა, რომ ადამიანი იხსნა და ყველა გზა მოსინჯო. თითქოს ყველაფერს შენს თავზე განიცდი“, - აღნიშნა სავარჯიშოს შემდეგ გამართული დისკუსიისას ეთერ ჭელიძემ.

ლევან ნიჟარაძეს კი 21 წლის ნატოს ისტორია ერგო. ნატო ლგბტქი თემის წარმომადგენელია და ძალადობის მსხვერპლიც ოჯახის მხრიდან სწორედ ამიტომ გახდა. „ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გავეცანი. შეიძლება, თუნდაც სამსახურებრივად მოგიწიოს ამ საკითხებთან შეხება. მიღებული გამოცდილება კი გარკვეულ მიმართულებას წინასწარ გაძლევს და საჭიროების შემთხვევაში, ქმედებებსაც გიკარნახებს“, - დასძინა ლევან ნიჟარაძემ.

„იყო მის ადგილას“ მონაწილეებს ეხმარება, მეტი გაიგონ ოჯახში ძალადობის შესახებ და უფრო ემპათიურებიც გახდნენ მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა აქვს, დაინახონ, რომ ოჯახში ძალადობის დაძლევაში ყველა ადამიანს საკუთარი როლის შესრულება შეუძლია და ეს არა პირადი, არამედ საზოგადო პრობლემაა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით შეხვედრები ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ძალადობის მსხვერპლი ქალების გზას კი სულ 1248 ადამიანი (50% ქალი და 50% კაცი) გაივლის და მათთვის გამოსავლის საკუთარი ვერსიის პოვნას შეეცდება.

ინიციატივა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ქალებისა და გოგოების ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.