გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ლგბტქი საკითხების ეთიკური მედიაგაშუქების მხარდასაჭერად
თარიღი:
მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის შექმნის მძლავრი იარაღი, უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს გენდერსა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული სოციალური და კულტურული ნორმების ფორმირებაზე. უფრო მეტიც: ხშირად ენა, რომელსაც ჟურნალისტები გაშუქების პროცესში იყენებენ, ქალებისა და ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობასთანაცაა პირდაპირ კავშირში. ეს ფაქტორი კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოშიც, ქალებთან, გენდერსა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული საკითხების სამართლიანი, ზუსტი, არასტერეოტიპული და დაბალანსებული გაშუქების თვალსაზრისით ეკისრებათ.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მედიის ინფორმირებულობის ამაღლებისთვის არაერთ ინიციატივას ახორციელებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენდა ჟურნალისტებისთვის სპეციალური კრებულის „სახელმძღვანელო მითითებები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერი, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ლგბტქი საკითხებზე სენსიტიური და ეთიკური გაშუქების შესახებ“ შექმნა.
სახელმძღვანელოს მიზანი ქალებისა და ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპების, არასწორი წარმოდგენებისა და ისეთი გაშუქების შემცირებაა, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ამ წარმოდგენების გამყარებასა და ძალადობის ლეგიტიმაციას. მასში გაერთიანებული რეკომენდაციები და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების მაღალი პასუხისმგებლობით გაშუქება წაახალისებს ქალებისა და გოგოების მიმართ გამოვლენილი ძალადობისადმი შეუწყნარებლობას, ხოლო ლგბტქი საკითხების უფრო მეტად ინფორმირებული გაშუქება ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს ცრურწმენებს, სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობის შემთხვევებს.
„გენდერისა და ლგბტქი საკითხების გაშუქების შესახებ დეტალური რეკომენდაციები ამ დრომდე არ არსებობდა, ამიტომ სახელმძღვანელოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, იგი ასახავს იმ პოლიტიკასაც, რომელიც მედიასაშუალებებს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეთ. საგულისხმოა, რომ მოგვეცა საშუალება, დოკუმენტი გაგვეცნო მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა, მასში ასახული რეკომენდაციებით იხელმძღვანელონ“, - აღნიშნავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული სახელმძღვანელოს შექმნაში.
აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო წესებზე მუშაობისას შეიქმნა ტრენინგების მოდული ჟურნალისტებისთვის, რომლის მიხედვითაც წინასწარ გადამზადებულმა ტრენერებმა მედიის წარმომადგენლებს თბილისში, ქვემო ქართლსა და გურიაში გენდერულად მგრძნობიარე რეპორტინგის შესახებ ტრენინგები ჩაუტარეს.
სახელმძღვანელო მომზადებულია პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.