გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ჯილდოს გამარჯვებული ცნობილია
თარიღი:
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციასა და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას ერთ-ერთი საკვანძო როლი აქვს. ამ პროცესში კი ჟურნალისტების შესაბამისი საკითხით დაინტერესებას, თემის მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტით გაშუქებას უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლია.
რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს რეპორტიორმა, ეკა ქევანიშვილმა, რომელიც ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ წლებია მუშაობს, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სტატიის წერისას მთავარი აქცენტი სწორედ სახელმწიფო სერვისებზე გააკეთა. მასალა „ქალთა თავშესაფარში მოსმენილი ამბები“ მკითხველს ძალადობაგამოვლილი ქალების ისტორიებს უამბობს და ამ ფონზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდის საკონსულტაციო ცხელი ხაზის 116 006-ის, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების სერვისების შესახებ. სტატია წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს იმ ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები არიან და მათთვისაც, ვინც ფლობს ინფორმაციას ამგვარი ფაქტების შესახებ, მაგრამ არ იცის, როგორ მოიქცეს.
საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემოქმედებითი ხერხებით მიწოდება, თხრობის გამორჩეული სტილი, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა და ეთიკური სტანდარტების დაცვა იყო ის კრიტერიუმები, რომელთა გამოც ეკა ქევანიშვილის მასალამ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაწესებული ჯილდო მიიღო.
„ამ თემას არ აქვს მხოლოდ ერთი ჭრილი. ამჯერად ჩემი მიზანი ინფორმირება იყო. მინდოდა, მომეყოლა, რა ხდება თავშესაფარში, მეთქვა, რომ ეს ცხელი ხაზი არსებობს. სტატიაში ბევრი მაგალითია აღწერილი, ამიტომ შეიძლება, ის მართლაც გახდეს ვიღაცისთვის ბიძგი, რომ კი არ მოითმინოს, არამედ ამ ნომერზე დარეკოს“, - აღნიშნა ჯილდოს მიღების შემდეგ ეკა ქევანიშვილმა.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქებისთვის ყოველწლიური ჯილდო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წელს უკვე მესამედ გაიცა. ყოველწლიური ინიციატივა გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების წახალისებას, მედიის წვლილის წარმოჩენასა და აღიარებას ემსახურება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდებოდა.