გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერულად მგრძნობიარე მედიაგაშუქების მხარდასაჭერად

თარიღი:

მედიის წარმომადგენლები ტრენინგის მოდულის თემებს განიხილავენ. ფოტო: გიორგი გოგუა
მედიის წარმომადგენლები ტრენინგის მოდულის თემებს განიხილავენ. ფოტო: გიორგი გოგუა
მედიის წარმომადგენლები ტრენინგის მოდულის თემებს განიხილავენ. ფოტო: გიორგი გოგუა

ქალთა უფლებებისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურ მედიაგაშუქებას გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასა და ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს. თუმცა, ამ თემებზე მუშაობა და გენდერულად მგრძნობიარე მასალის მომზადება ხშირად ჟურნალისტებისთვის გამოწვევებით სავსეა. სწორედ ამიტომ, მასმედიის წარმომადგენლების სისტემური და რეგულარული გადამზადება, შესაბამისი სტანდარტებისა და თვითრეგულირების მექანიზმების პოპულარიზაცია განსაკუთრებით აქტუალურ საკითხებად რჩება, მათ შორის საქართველოშიც.

ამ რეალობიდან გამომდინარე, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ქალთა უფლებებისა და ლგბტქი საკითხების ეთიკური, გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების ხელშეწყობისთვის, აქტიურად თანამშრომლობენ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის მიმდინარე წლის განმავლობაში ტრენინგების ჩატარება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მოდული სპეციალურ სახელმძღვანელო წესებს ეყრდნობა, რომლებიც მედიასაშუალებებისთვის უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. მასზე დაყრდნობით, წინასწარ გადამზადებული ტრენერები თბილისში, ქვემო ქართლსა და გურიაში მიმდინარე წელს 20-მდე ტრენინგს ჩაატარებენ. მანამდე კი მათ 2 სამუშაო შეხვედრა გამართეს და მოდულის თემები განიხილეს.

მონაწილეებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადების პრინციპები და მნიშვნელობა, არაეთიკური რეპორტაჟის მაგალითები, მედიის მიერ დისკრიმინაციული დამოკიდებულებების გავრცელება და ა.შ. ამასთან, მათ ადგილობრივ და საერთაშორისო მაგალითებზე, სოციალური მედიის როლსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ისაუბრეს.

“იმისთვის, რომ შენი, როგორც პროფესიონალის აზრი და მიწოდებული ინფორმაცია სანდო იყოს, საჭიროა, მსოფლიოში მიღებულ სტანდარტს ძალიან მკაცრად მისდევდე. დროში გამოცდილი და თვითრეგულირების კოდექსად ქცეული სტანდარტი პირუთვნელად შესასრულებელია. ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობის იყო შეხვედრა, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ მედიის როლი მგრძნობიარე თემებზე მუშაობისას“, - აღნიშნა მოდულის განხილვის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, „რეალური სივრცის“ ავტორმა და წამყვანმა, ნინო ზაუტაშვილმა.

სატრენინგო მოდული, რომელსაც ჟურნალისტები გაივლიან, გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადების წესების, სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქების პრინციპების, ქალთა და ლგბტქი საკითხებზე მუშაობის საუკეთესო გამოცდილების, რეკომენდაციებისა და სხვა სასარგებლო მასალის გაზიარებასაც ითვალისწინებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.