გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ICT-ში გოგოების მხარდამჭერი ბიზნესკომპანია დააჯილდოვა

თარიღი:

კომპანია Sweeft-ის წარმომადგენელი ანასტასია თოფურიძე მრავალფეროვნების მხარდაჭერისთვის სპეციალურ ჯილდოს იღებს. ფოტო: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
კომპანია Sweeft-ის წარმომადგენელი ანასტასია თოფურიძე მრავალფეროვნების მხარდაჭერისთვის სპეციალურ ჯილდოს იღებს. ფოტო: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა პოზიტიური მაგალითების ჩვენებაა, მათ შორის, იმ ბიზნესორგანიზაციების, რომლებიც საკუთარი საქმიანობით კაცებით დომინირებულ, სტერეოტიპულ სფეროში გოგოების წახალისებისთვის იღვწიან. გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც 10 ივნისს გაიმართა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მთავარი აქცენტი სწორედ კერძო სექტორის ამ წვლილზე გააკეთა და მრავალფეროვნების მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდო კომპანია Sweeft-ს გადასცა.

Sweeft-ის საქმიანობა აპლიკაციების დამზადებას, ვებ დეველოპმენტსა და ციფრულ მარკეტინგს აერთიანებს. კომპანია გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და მისი მენეჯმენტის 80%-ზე მეტი ქალია. რაც შეეხება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების მხარდაჭერას, Sweeft ჩართულია პროექტში „500 ქალი ტექში“ და ხელს უწყობს მისი მონაწილეების დასაქმებას. ამას გარდა, USAID-ის თანადაფინანსებით, იგი აქსელერაციის ანაზღაურებად პროგრამას ახორციელებს და ქალებს პროგრამულ უზრუნველყოფისა და ციფრულ მარკეტინგის კუთხით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, ხელს უწყობს გაცვლით პროგრამებში ქალების ჩართულობასა და მათთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

კომპანია ჯილდოს სახით საინფორმაციო მხარდაჭერას მიიღებს, რაც მას საშუალებას მისცემს, ქალთა გაძლიერების ინიციატივების შესახებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს უამბოს და ამ კუთხით გამოცდილება სხვა ბიზნესორგანიზაციებსაც გაუზიაროს. „გრეის ჰოპერის ჯილდოს მიღება Sweeft-ისა და ჩვენთან დასაქმებული ქალებისთვის განვითარების უდიდესი სტიმულია. ვფიქრობ, ეს კარგი მოტივაციაა იმ დამწყებებისთვისაც, რომლებსაც ტექნოლოგიების სფეროში განვითარება სურთ“, - აღნიშნა Sweeft მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ნინი მოსიაშვილმა.

გრეის ჰოპერის ჯილდო გაეროს ქალთა ორგანიზაციის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი თიბისი ბანკის ინიციატივით, შარშან დაარსდა. ინიციატივა იმ ადამიანების, ორგანიზაციებისა თუ პროექტებს წარმოსაჩენად შეიქმნა, რომლებიც ტექნოლოგიებში ქალების, გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების გაძლიერებისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამენ. წელს გრეის ჰოპერის ჯილდოს მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UGT და Majorel Georgia იყვნენ.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო სულ ექვს ნომინაციაში გაიცა და აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგის კატეგორიაში იგი თამთა კაპანაძემ მიიღო. თამთას კარიერა ტექნოლოგიებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტით დაუკავშირდა, ახლა კი ის უკვე ინდუსტრიაში სხვა გოგოების ჩართულობის ხელშეწყობისთვის თავადაც აქტიურად იღვწის.

ქალებისა და გოგოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართულობის გაზრდა, მათ შორის გრეის ჰოპერის ჯილდოს მხარდაჭერა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.