გრეის ჰოპერის ჯილდო: მოტივაცია გოგოებისთვის, რომლებსაც ICT კარიერა სურთ
თარიღი:
„ქალებს, რომლებიც ტექნოლოგიებში ვმუშაობთ, ბევრი ხმამაღალი განაცხადი გვჭირდება, რათა რაც შეიძლება მეტ გოგოს ვუთხრათ, რომ მომავალი ტექნოლოგიებშია და თუ ეს სფერო მოსწონთ, მიზნისკენ ნაბიჯები თამამად გადადგან“, - ამბობს დაჯი ლიპარტელიანი, წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპის, ehotelspace.com-ის ავტორი, რომელიც თავისი საქმიანობით სწორედ ერთ-ერთ ასეთ განაცხადს აკეთებს.
29 წლის დაჯი პროფესიით იურისტია, ტექნოლოგიებით მოგვიანებით დაინტერესდა და გადაწყვიტა, ისეთი ონლაინპლატფორმა შეემუშავებინა, რომელიც სასტუმროებს საკუთარი ვებგვერდების შექმნასა და გაყიდვების გაციფრულებაში დაეხმარებოდა. სტარტაპის სტარტი მარტივი არ ყოფილა: ehotelspace.com-ზე მუშაობის დასრულება პანდემიის დასაწყისს დაემთხვა. „სასტუმროების ბიზნესი, რომელიც პლატფორმის პოტენციური მომხმარებელი იყო, მაშინ განსაკუთრებით დაზარალდა, ჩვენც რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ მე და ჩემს გუნდს ენთუზიაზმი არ დაგვიკარგავს, მუშაობა გავაგრძელეთ და დღეს უკვე 150-ზე მეტ სასტუმროს ვემსახურებით. ონლაინპლატფორმის დახმარებით, ისინი გაყიდვებს ციფრულად თავად აწარმოებენ და მარკეტინგულ ხარჯებს ზოგავენ“, - აღნიშნავს დაჯი.
დაჯი ლიპარტელიანისა და მისი სტარტაპის ისტორია ერთ-ერთი გამორჩეული ნომინანტი იყო გრეის ჰოპერის ჯილდოზე, რომელიც გასულ წელს USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ თიბისი ბანკთან პარტნიორობით დაარსდა. ინიციატივა იმ ადამიანების, ორგანიზაციებისა თუ პროექტებს წარმოსაჩენად შეიქმნა, რომლებიც ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამენ. კონკურსისთვის სპეციალური ჯილდო დააწესა გაეროს ქალთა ორგანიზაციამაც და მისი პირველი მფლობელი შარშან სწორედ დაჯი ლიპარტელიანი გახდა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალგაზრდა სტარტაპერი სილიკონის ველის აქსელერატორის, აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრის, USMAC -ის სააქსელერაციო პროგრამაში ჩართვისა და ინტენსიური სასწავლო კურსის გავლის შესაძლებლობით დაასაჩუქრა. პრაქტიკული და თეორიული ტრენინგები დაჯიმ ახლახან დაასრულა. ლექციები მან სფეროს ექსპერტებისგან მოისმინა, რჩევები კი წამყვანი საერთაშორისო კომპანიების ლიდერებისა და მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიური ეკოსისტემის - სილიკონის ველის ინვესტორებისგან მიიღო.
„საქართველოში არც ისე ხშირად გვეძლევა უშუალოდ სილიკონის ველის ტრენერებისგან გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. შეხვედრების დროს სტარტაპის საქმიანობის გაუმჯობესებისა და ინვესტორთან წარდგენის ტექნიკებს ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად გავდიოდით. ეს ჩემი სტარტაპისთვის უმნიშვნელოვანესი დღეები იყო“, - აღნიშნავს დაჯი.
სწავლების პარალელურად, დაჯიმ მიღებული ცოდნა გუნდსაც გაუზიარა და საქმიანობის განვითარებისთვის საინტერესო სიახლეებზე მუშაობაც დაიწყო. ახლა კი სურს, საკუთარი წარმატების ისტორიით სხვებიც წაახალისოს: „ქალები, რომლებიც ტექნოლოგიებში ვართ, სხვა გოგოებისთვის მაგალითები უნდა გავხდეთ. მინდა, ჩემი საქმიანობა და ეს ჯილდოც, რომელიც მივიღე, მათთვისაც მოტივაციად იქცეს“, - აღნიშნავს დაჯი.
გაეროს ქალთა ორგანზიაცია კი გრეის ჰოპერის ჯილდოს მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს. ახალი განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. გამარჯვებულები ივნისში გამოვლინდებიან. ახალგაზრდა სტარტაპერის შემდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ინიციატივებისთვის ამჯერად ბიზნესკომპანიას დააჯილდოებს და მას მედიაგაშუქების პაკეტით დაასაჩუქრებს.
ქალებისა და გოგოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართულობის გაზრდა, მათ შორის გრეის ჰოპერის ჯილდოს მხარდაჭერა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.