„500 ქალი ტექში” - ახალი შესაძლებლობები კახეთის რეგიონში მცხოვრები გოგოებისთვის
თარიღი:
საქართველოში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული ქალების წილი 12%-ს შეადგენს, შესაბამისი ფაკულტეტების კურსდამთავრებულთა შორის კი გოგო მხოლოდ 15%-ია. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, სტერეოტიპულად „კაცების საქმედ“ მიიჩნევა, რაც ხელს უშლის ქალებს სასურველი კარიერის არჩევასა და მაღალშემოსავლიან პოზიციებზე დასაქმებაში.
ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერითა და კერძო სექტორთან პარტნიორობით, აქტიურად მუშაობს. ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს პროექტი „500 ქალი ტექში“, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და პარტნიორ ICT კომპანიებთან თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარულ პროფესიებში 500 ქალის უფასო გადამზადებას გულისხმობს. მონაწილეები 6-თვიან სასწავლო კურსი გადიან, რომლის დასრულების შემდეგ პროექტი მათ სტაჟირებასა და დასაქმებასაც სთავაზობს.
საგულისხმოა, რომ პროექტის დახმარებით ახალ შესაძლებლობებს გოგოები რეგიონებშიც იღებენ. სწორედ მათი შთაბეჭდილებების გაზიარებას ემსახურებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა კახეთში მცხოვრებ მონაწილეებთან, რომელიც თელავის ტექნოპარკში შედგა. ღონისძიებას ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენიც დაესწრო.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ თელავში, პროექტის „500 ქალი ტექში“ ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის მთავრობა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. ჩვენთვის, ნორვეგიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, აღმოვფხვრათ ის ნაკლოვანებები, რომლებიც ტექნოლოგიებში ქალების მონაწილეობის თვალსაზრისით არსებობს, რადგან ამ სფეროში ქალებისა და კაცების თანაბარი ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა.
პროექტის „500 ქალი ტექში“ პირველ ორ ნაკადში კახეთიდან სულ 30 გოგო მონაწილეობდა. მათ საკუთარი არჩევანის შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულება შეისწავლეს. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში, გოგოებმა ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს, პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და ინდივიდუალურ მენტორინგში მონაწილეობაც მიიღეს. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მონაწილემ საკუთარი ინიციატივებიც წარადგინა.
„ამ პროექტით გრაფიკული დიზაინი შევისწავლე და ახალი სასურველი საქმე აღმოვაჩინე. ისეთი გამოცდილება შევიძინე, რომელსაც სხვაგან ვერ მივიღებდი. მინდა, საქმიანობა ამ სფეროში გავაგრძელო“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, ნუცა სვანიძემ.
„500 ქალი ტექში“ პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.