გაეროს ქალთა ორგანიზაცია გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს მხარდასაჭერად

თარიღი:

ნომინაციაში „ახალი თაობის აღმოჩენა“ გამარჯვებული ანასტასია კვინიკაძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ნომინაციაში „ახალი თაობის აღმოჩენა“ გამარჯვებული ანასტასია კვინიკაძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების მონაწილეობის გაზრდისთვის როლური მოდელების წარმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სხვადასხვა ინიციატივებისა და პროგრამების ხელშეწყობით, მუდმივად ცდილობს საქართველოში მათ წახალისებასა და პროფესიულ განვითარებას.

ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენს გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს ტრადიციული მხარდაჭერა, რომელიც წელს გაეროს ქალთა გაძლიერების ხელმომწერი კომპანიის, თიბისის ორგანიზებით საქართველოში უკვე მეოთხედ ჩატარდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კი ნომინაციაში „ახალი თაობის აღმოჩენა“ გამარჯვებულ ანასტასია კვინიკაძეს ფულადი ჯილდო გადასცა.

ანასტასია კომპანია „იმპელის“ ინჟინერიის დირექტორია. მას ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია და საქართველოში ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივები აინტერესებს. ანასტასია ხელოვნური ინტელექტის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების პროცესშიც აქტიურად მონაწილეობს და შესაბამისი სასწავლო პროგრამის შექმნაზე მუშაობს. მისი სამომავლო გეგმებიც აკადემიურ და სამეცნიერო სფეროს უკავშირდება.

„ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს მიღება. ეს ნიშნავს, რომ სფეროს ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ჩემი გზა, ამჟამინდელი საქმიანობა და სამომავლო გეგმები. ჯილდო ერთდროულად პასუხისმგებლობასაც მიზრდის და მოტივაციასაც მაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო და სასარგებლო საქმე გავაკეთო“, - აღნიშნავს ანასტასია კვინიკაძე.

წელს გრეის ჰოპერის ტექ ჯილდო სულ ხუთ ნომინაციაში გაიცა: ტექ ლიდერი, აღმოჩენა ახალ თაობაში, გამორჩეული მეცნიერი, ინოვაციური ტექ პროდუქტი და ლიდერი კომპანია ქალთა გაძლიერებისთვის. კატეგორიებში ნომინირებულები იყვნენ ის ადამიანები, ვინც წარმატებით მოღვაწეობენ საკუთარ სფეროში და, ამავდროულად, ხელს უწყობენ ტექნოლოგიებში სხვა ქალების ჩართულობასა და გაძლიერებას. კონკრეტულად კატეგორია „აღმოჩენა ახალ თაობაში“ კი აჯილდოებს 16-დან 26 წლამდე გოგოებს, რომლებსაც STEM სფეროში ადრეული ასაკიდანვე აქვთ შთამბეჭდავი მიღწევები და, პოტენციალი, რომ გახდნენ ლიდერები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისებისთვის ტარდება. მისი მიზანია, წარმოაჩინოს და აღიაროს ტექნოლოგიებში ჩართული ქალების წვლილი, ასევე ის პროგრამები თუ ორგანიზაციები, რომლებიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო სექტორში ქალთა გაძლიერებას უწყობენ ხელს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს დაარსების დღიდან მისი მხარდამჭერია. ეს მხარდაჭერა კი პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.