ერთობლივი ძალისხმევა ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებისთვის ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიაზე

თარიღი:

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ტექნოლოგიებში არსებული გენდერული დისბალანსი ნეგატიურად სხვადასხვა სფეროსა და მიმართულებაზე აისახება, ამიტომ მისი აღმოფხვრა დაინტერესებული მხარეების კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. ამავდროულად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმის პარალელურად, მათ შორის მუდმივი დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარებაც მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ დიალოგის აქტუალობასა და აუცილებლობას ეხმიანებოდა მაღალი დონის ღონისძიება „ერთობლივი ძალისხმევა ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებისთვის“, რომელიც 7 მარტს, ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ გაიმართა. ღონისძიების მიზნებს წარმოადგენდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის გაერთიანება, მათ შორის გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება, თანამშრომლობის, ინფორმაციისა და ცოდნის ურთიერთგაცვლისთვის საჭირო სივრცის შექმნა და ა.შ.

მაღალი დონის ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პროექტის „500 ქალი ტექში“ მონაწილეები ესწრებოდნენ. შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. დამსწრეებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს ის პოლიტიკა და პროგრამები, რომლებიც ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ქალების მონაწილეობის გაფართოების მიზნით არსებობს, იმსჯელეს არსებულ პრობლემებსა და მათ აღმოფხვრაში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა პროექტის „500 ქალი ტექში“ შედეგების წარდგენა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და პარტნიორ ICT კომპანიებთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წლიდან ახორციელებს. იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარულ პროფესიებში 500 ქალის უფასო გადამზადებას გულისხმობს. მონაწილეები 6-თვიან სასწავლო კურსი გადიან, რომლის დასრულების შემდეგ პროექტი მათ სტაჟირებასა და დასაქმებასაც სთავაზობს.

“ქალები მუდმივად განვიცდით როლური მოდელების ნაკლებობას ტექნოლოგიურ სექტორში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ამაღლებს ცნობადობას და აღრმავებს ცნობიერებას აღნიშნული მიმართულებით. საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, მოვუწოდო უფრო მეტ ქალს, იყვნენ ინტეგრირებულები იმ სფეროებში, სადაც რეალიზებისა და განვითარების დიდი შესაძლებლობებია”, - აღნიშნა ღონისძიებაზე ლალიკო თუმანიშვილმა, რომელმაც პროექტის „500 ქალი ტექში“ დახმარებით ციფრული პროდუქტების ტესტერის კურსი გაიარა.

ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფონზე, რომ 2021 წელს საქართველომ თანასწორობის თაობის ფორუმზე ვალდებულება აიღო, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ქალების მონაწილეობის გაზრდასა და ამ გზით გენდერული თანასწორობის მიღწევას.

ღონისძიება წარმოადგენდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.