ქალები ხელოვნურ ინტელექტში - პირველმა ნაკადმა სწავლება წარმატებით დაასრულა

თარიღი:

პროგრამის “ქალები ხელოვნურ ინტელექტში” კურსდამთავრებული თათია წიკლაური კუთვნილი სერტიფიკატით. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
პროგრამის “ქალები ხელოვნურ ინტელექტში” კურსდამთავრებული თათია წიკლაური კუთვნილი სერტიფიკატით. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

„მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი. კლასში მხოლოდ 4 გოგო ვიყავით და სულ მესმოდა, რომ დანარჩენ 22 ბიჭს მათემატიკა უკეთ გამოსდიოდა. ტექნოლოგიებზეც იგივე სტერეოტიპია, ამიტომაც ამ სფეროში ბიჭები უფრო მეტნი არიან“, - ამბობს 21 წლის თათია წიკლაური - მონაცემთა მეცნიერი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფინანსური და ზედამხედველობის განვითარების დეპარტამენტში მუშაობს.

თათია პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია. დღეს კი მან სასწავლო პროგრამა „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ ოფიციალურად დაასრულა და საბოლოო პროექტიც წარადგინა. „პროგრამის შესახებ სამსახურში გავიგე. ძალიან გამიხარდა, როცა ამიყვანეს. 9 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი შევისწავლე და ამ ფინალურ, შრომატევად პროექტშიც დიდი ძალისხმევა ჩავდე“, - აღნიშნავს თათია.

თათიას ფინალური პროექტი მანქანური სწავლების მეთოდით სიმსივნის პროგნოზირებას შეეხება. ჯგუფელებთან ერთად, მან შექმნა ალგორითმი, რომელიც სხვადასხვა ცვლადზე დაყრდნობით მოდელს აგებს და წინასწარ ვარაუდობს, კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში რამდენად მაღალია სიმსივნის რისკი. „ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი იყო. ვეცადეთ, მიღებული ცოდნა ფინალურ პროექტში სრულად გადმოგვეტანა“, - ამბობს ის.

თათია ერთ-ერთია იმ 100 გოგოს შორის, რომლებმაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მასშტაბური სასწავლო პროექტის „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ (Women in AI) პირველი ნაკადი დაასრულეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც მიიღეს. გადამზადება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობდა, გოგოების ხელოვნური ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებებით მომზადებას გულისხმობდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წამახალისებელი ინიციატივებით გოგოები ტექნოლოგიებში წინა რიგებში ჩნდებიან, პროფესიული განვითარებისთვის მეტ რესურსებსა და შესაძლებლობებს იღებენ. ვიმედოვნებ, რომ მიღებულ ცოდნას ახალი ალგორითმების შესაქმნელად ეფექტიანად გამოვიყენებ“, - დასძენს თათია.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად მუშაობს. წარმატებული პროექტის „500 ქალი ტექში“ შემდეგ, რომელიც BTU-სა და პარტნიორ ტექ კომპანიებთან თანამშრომლობით განხორციელდა და უპრეცედენტო დაინტერესება გამოიწვია, BTU-სთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კიდევ ერთი ინიციატივა „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ - Women in AI დაგეგმა. პროექტი კვლავაც ტექნოლოგიებში ქალების მონაწილეობის გაძლიერებასა და ხელშეწყობას ემსახურება. მის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 200 ქალი შეირჩევა და ყველა მათგანი 9 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებებით გადამზადდება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში და, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.