გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ეთიკური მედიაგაშუქების მხარდასაჭერად

თარიღი:

შეხვედრის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
შეხვედრის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები მედიასაშუალებების წარმომადგენლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოაქცია. ამ ფაქტორმა კი ომისა და კონფლიქტის გენდერული ასპექტების, ქალებისა და გოგოების განსხვავებული საჭიროებების შესახებ ჟურნალისტების ცოდნა, ეთიკური მედიაგაშუქება და შესაბამისი სახელმძღვანელო წესების არსებობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა, თავად მედიასაშუალებები კი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

ჟურნალისტების ინტერესისა და თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით, ქარტიის საბჭოსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-სა და მის თანმდევ რეზოლუციებს, საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებსა და სამოქმედო გეგმებს გაეცნენ. ამას გარდა, მიიღეს ინფორმაცია ქალთა ეფექტიან მონაწილეობაზე კონფლიქტების პრევენციის, მართვისა და გადაჭრის დროს თუ მშვიდობის მშენებლობის პროცესებში, ასევე, კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის ფორმებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ჰუმანიტარულ საქმიანობაზე, კონტექსტის მნიშვნელობაზე და ა.შ.

სემინარს სულ 17 მონაწილე დაესწრო. მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც ამ თემების გაშუქების ირგვლივ არსებობს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განხილული იყო ის სახელმძღვანელო წესებიც, რომელთა შემუშავებასაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით, ომის, კონფლიქტისა და პოსტკონფლიქტური სიტუაციების გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების შესახებ გეგმავს. დოკუმენტი, რომელზე მუშაობის დაწყებაც უახლოეს მომავალში იგეგმება, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების რეპორტინგისას მედიასტანდარტების დაცვაზე იქნება ფოკუსირებული.

„ომისა და კონფლიქტების დროს, ასევე, შემდგომ პერიოდში ქალებისა და გოგოების საკითხების ეთიკურად გაშუქება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ მათი საჭიროებები წარმოაჩინოს და ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპების გამყარებას. სამუშაო შეხვედრაზე განხილული საკითხები დაგვეხმარა პრობლემური თემების იდენტიფიცირებაში. მიღებული უკუკავშირი, მედიისთვის საინტერესო და საჭირო აქცენტებთან ერთად, ასახული იქნება იმ სახელმძღვანელო წესებში, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდება“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილს წარმოადგენდა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.