გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება კონფლიქტებისა და ომის დროს - სახელმძღვანელო წესები ჟურნალისტებისთვის
თარიღი:
ჟურნალისტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დისკრიმინაციული სტერეოტიპების მსხვრევასა და გენდერული თანასწორობის კუთხით ჯანსაღი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში, მათ შორის კონფლიქტების, ომებისა თუ მშვიდობის მშენებლობის პროცესების გაშუქების დროს. თუმცა, ხშირად ამ თემატიკაზე შექმნილ მედიამასალებში ქალებისა და გოგოების პერსპექტივა ნაკლებად ჩანს, ისინი უმეტესად წარმოჩენილები არიან, როგორც მსხვერპლები და მათი მნიშვნელოვანი როლი, მაგალითად, კონფლიქტების დარეგულირებასა თუ მშვიდობის მშენებლობაში არ წარმოჩინდება, სათანადოდ არ არის გათვალისწინებული გენდერული პრობლემატიკა, ზოგჯერ კი ჟურნალისტები, პირიქით, უნებლიედ ხელს უწყობენ კიდეც დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპების გამყარებას.
ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს საკითხები მედიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით აქტუალურ გამოწვევად იქცა, მათ შორის საქართველოშიც. სწორედ ამ გამოწვევას ეხმიანება ახალი სახელმძღვანელო „გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება კონფლიქტებისა და ომის დროს“, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, მოამზადა.
სახელმძღვანელოს მიზანია, ჟურნალისტური მასალების მომზადებისას მედიამ გაითვალისწინოს გენდერული ასპექტი, ასახოს ქალების ცხოვრება კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში, გაითვალისწინოს მათი მთელი სპექტრი, ასევე, გავლენა კონფლიქტებსა და ცხოვრებაზე. გარდა ამისა, დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები რედაქციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა ომისა და კონფლიქტების დროს მედიის მუშაობა იყოს უსაფრთხო და უფრო ეფექტიანი.
დოკუმენტის პრეზენტაცია 11 ოქტომბერს შედგა და მას ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების, მედიაგაერთიანებებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„რაც უკრაინაში ომი დაიწყო, არაერთი მასალის მომზადება მომიწია, რომლის მთავარი გმირებიც ქალები იყვნენ. პირველივე მასალებიდან გავაცნობიერე, რომ მათზე წერა მხოლოდ ჩემს ინსტინქტებზე დაფუძნებული ვერ იქნებოდა და სხვა ცოდნა მჭირდებოდა. მჭირდებოდა იმ რესპონდენტების პოვნა, რომლებიც დამეხმარებოდნენ, ეს მასალები მომემზადებინა სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით. ახალი სახელმძღვანელო, ერთი მხრივ, იძლევა ომში ქალების საკითხების ეთიკური გაშუქების გაიდლაინს, მეორე მხრივ, აჩენს არაერთი მნიშვნელოვანი თემის ინსპირაციას, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის ძალიან ფასეულია. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დროული და ღირებული სახელმძღვანელოა, რომელიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტებისთვის შექმნილა“, - აღნიშნა სახელმძღვანელოს პრეზენტაციაზე რადიო „თავისუფლების“ რეპორტიორმა, ნინო თარხნიშვილმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით, აქტიურად უჭერს მხარს მედიის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრებისა თუ სემინარების ჩატარებასა და საჭირო ცოდნის გაზიარებას. საგულისხმოა, რომ ახალი სახელმძღვანელოს შექმნასაც ამგვარი შეხვედრა უძღოდა წინ და მისი შემუშავება მთლიანად იმ გამოწვევებს დაეყრდნო, რომლებსაც ჟურნალისტები პრაქტიკაში აწყდებიან. დოკუმენტი ქარტიის ვებგვერდზე განთავსდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილს წარმოადგენდა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.