გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის დღე აღნიშნა

თარიღი:

PechaKucha Nights-ის ერთ-ერთი მონაწილე ნინო ძამაშვილი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: Pechakucha Tbilisi
PechaKucha Nights-ის ერთ-ერთი მონაწილე ნინო ძამაშვილი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: Pechakucha Tbilisi

რა გამოწვევები აქვთ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ქალებსა და გოგოებს და როგორია მათი დაძლევის რეალური მაგალითები - ICT სფეროში დასაქმებულმა ექვსმა სპიკერმა ქალმა საკუთარი შთამბეჭდავი ისტორიები აუდიტორიას პეჩაკუჩა ფორმატით უამბო.

ღონისძიება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სტარტაპ ბიუროს მხარდაჭერით ჩატარდა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. თარიღის აღნიშვნა მიზნად ისახავდა, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ქალებისა და გოგოების თანაბარი კარიერული შესაძლებლობებით უზრუნველყოფა. არაფორმალურ გამოსვლებში მონაწილეებმა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა მეცნიერებას, IT პროექტებსა და ა.შ. წარმოადგენდნენ, ერთ-ერთი აქცენტი სწორედ ამ საკითხზე გააკეთეს.

„პეჩაკუჩას ტიპის ღონისძიებები სპიკერებს, საშუალებას გვაძლევს, ქალებს რეალური გამოცდილება გავუზიაროთ და ვუთხრათ, რომ გავრცელებული აზრი, თითქოს ICT მხოლოდ კაცების პროფესიაა, სინამდვილეში სტერეოტიპია“,- აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ „ქუანტორი საქართველოს“ IT პროექტების მენეჯერმა და ერთ-ერთმა სპიკერმა, ნინო ძამაშვილმა.

„ვფიქრობ, აუცილებელია, გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა ტექნიკური მიმართულებებით ქალთა ჩართულობის სტიმულირებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის, რათა სტერეოტიპების გავლენის გარეშე, ყველამ თანაბრად შეძლოს აირჩიოს და აკეთოს საქმე, რომელიც ნამდვილად უყვარს“, - დასძინა კიდევ ერთმა მონაწილემ, ლიბერთის რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერმა, ლოლიტა რურუამ.

აღსანიშნავია, რომ PechaKucha Nights სპეციალური სტუმრის სტატუსით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ბიზნესმენტორი და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრენერი ლინდა პერეირა, რომელიც არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მან აუდიტორიას ბიზნესში წარმატების მიღწევის 5 სტრატეგია გაუზიარა.

PechaKucha Nights არის შეხვედრების სივრცე, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ წამოწყებული ღონისძიება დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში PechaKucha Nights, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე მეოთხედ ჩატარდა. ღონისძიების პარტნიორები პარტნიორები იყვნენ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი „ლიბერთი“, ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და THE Crossroads.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების წახალისებასა და ხელშეწყობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, 2019 წლიდან ახორციელებს. PechaKucha Night-ის მხარდაჭერაც პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.