გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკრაინელ ლტოლვილ ქალებს ტექ პროფესიების შესწავლაში დაეხმარება
თარიღი:
უკრაინელი ქალები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დატოვება ომის გამო მოუწიათ და ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ტექნოლოგიებს შეისწავლიან. ახალ პროექტს „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“, იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) განახორციელებს.
ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიური განათლების გაზიარებასა და პრაქტიკული ჩვევების გაძლიერებას. სასწავლო პროგრამა მოიცავს ციფრული წიგნიერებისა და ტექნოლოგიური ინგლისურის უნარების განვითარებას, ტექნოლოგიურ კურსებს პროგრამული პროდუქტების ტესტირებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით. პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, პროექტის მონაწილეები შეისწავლიან პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც დაეხმარება მათ რეალურ მაგალითებზე დამყარებული, მაქსიმალურად სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ.
პროექტის პრეზენტაციას, რომელიც 3 ივლისს გაიმართა, იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
“ვიწყებთ ახალ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროექტს, რომელიც ამ სფეროში უკრაინელ ქალებს გააძლიერებს. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასეთ პროექტებს, რადგან ისინი იმ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ეხმარება, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ”, - აღნიშნა პრეზენტაციაზე იაპონიის ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკმა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის 55 უკრაინელი ლტოლვილი ქალი სააპლიკაციო წესით შეირჩევა. სწავლა ივლისის ბოლოს დაიწყება და 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ინიციატივა ხელს შეუწყობს ინკლუზიური და მრავალფეროვანი ტექნოლოგიური გარემოს განვითარებას, ასევე, ტექნოლოგიური ინდუსტრიაში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირებასა და ძლიერი ეკოსისტემის შექმნას.
“ჩვენთვის ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიებში ჩართულობა, ტექსფეროში დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შედეგად სარგებელს მიიღებენ არა მარტო ქალები, არამედ მათი ოჯახებიც. ახალი პროფესიით ქალები შეძლებენ ეკონომიკური მგდომარეობა გაიუმჯობესონ“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ვფიქრობთ, რომ შემდგომში გაგრძელდება და მასშტაბებს გააფართოებს“, - დასძინა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ.
“უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში” წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროექტის “უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების მდგრადობის გაძლიერება მასპინძელ ქვეყნებში” ნაწილს, რომელიც იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.