გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოველწლიური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა

თარიღი:

ანი ბურდული. ფოტო: მზია საგანელიძე
ანი ბურდული. ფოტო: მზია საგანელიძე

ქალები სპორტში უთანასწორობასა და ხელშემშლელ ბარიერებს ხშირად აწყდებიან, ზოგჯერ კი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობასაც განიცდიან, თუმცა ამ თემაზე პრაქტიკულად არ საუბრობენ, განსაკუთრებით საჯაროდ, მედიასაშუალებებთან. შედეგად, ისინი სპორტულ კარიერას ნაადრევად წყვეტენ და ცხოვრებას მიღებულ ტრავმასთან ერთად აგრძელებენ.

რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა, ანი ბურდულმა სპორტში გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებულ სტატიაში ყურადღება სწორედ ამ პრობლემაზე გაამახვილა. ავტორმა მოძებნა რესპონდენტები, რომლებმაც ძალადობის ფაქტების შესახებ მედიასთან პირველად ისაუბრეს და წლების განმავლობაში შეუმჩნეველი ისტორიები სააშკარაოზე გამოიტანეს. ანიმ სტატიით „სექსუალური შევიწროება და ძალადობა ქართველ ქალ სპორტსმენებზე“ საზოგადოების ყურადღება ამ გავრცელებული, მაგრამ დაფარული დანაშაულისკენ მიმართა და ფართო გამოხმაურება გამოიწვია.

პრობლემის აქტუალობა, ავტორის გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა და ეთიკური სტანდარტების დაცვა იყო ის კრიტერიუმები, რომელთა გამოც ანი ბურდულის ნამუშევარმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაწესებული ჯილდო მიიღო.

„გასახდელში ფოტოების გადაღება, ქალის სხეულის ნაწილებზე საუბარი, შეხება, უხამსი შეთავაზებები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შევიწროების, რისი გავლაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე ქალებს უწევთ. აუცილებელია ხმამაღლა საუბარი, რომ ისინი გაძლიერდნენ, გაიგონ მეტი ძალადობის ფორმებისა და საკუთარი უფლებების შესახებ, ჰქონდეთ იმედი, რომ თანადგომას მიიღებენ. ჩემი სტატიის მიზანიც სწორედ ეს იყო. ვფიქრობ, თავად ჯილდოს დაწესების ინიციატივაც მნიშვნელოვანია, რათა ქალთა საკითხები მრავალმხრივად გაშუქდეს და მოგვარდეს ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც მათი უფლებების დაცვისთვისაა საჭირო“, - აღნიშნა ანი ბურდულმა ჯილდოს მიღების შემდეგ.

ჟურნალისტებითვის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქებისთვის ყოველწლიური ჯილდო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პირველად გაიცა. ყოველწლიური ინიციატივა გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების წახალისებას, მედიის წვლილის წარმოჩენასა და აღიარებას ისახავს მიზნად.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.