დროის გამოყენების კვლევის შედეგები საქართველოში სულ უფრო მეტ მამას ეხმარება მშობლის შვებულების აღებაში

თარიღი:

ავტორი: ჯენ როსი

ავთანდილ წერეთელი აქტიურადაა ჩართული ერთადერთ შვილზე, ალექსანდრეზე ზრუნვაში. ფოტო: ავთანდილის პირადი არქივი.
ავთანდილ წერეთელი აქტიურადაა ჩართული ერთადერთ შვილზე, ალექსანდრეზე ზრუნვაში. ფოტო: ავთანდილის პირადი არქივი.

34 წლის ავთანდილ წერეთელს, რომელიც თიბისიში მუშაობს, ბიჭი გასული წლის დეკემბერში შეეძინა. ახალგაზრდა მამა დამსაქმებლის შეთავაზებას, მშობლის შვებულებით ესარგებლა, დაუფიქრებლად დათანხმდა. „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია. ბავშვთან დროის გატარებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. ასეთი რამ არც განცდილი მქონდა და ვერც წარმომედგინა. ალბათ, ეს უნდა იგრძნო, თავად გამოცადო. მშობლისთვის, მართლაც, საუკეთესო შეგრძნებაა“, - ამბობს ის.

ავთანდილი იხსენებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება შთააგონა კოლეგამ, რომელიც მის დეპარტამენტში მუშაობდა და თავადაც მშობლის შვებულებას იღებდა. შემდეგ კი მათ კიდევ ერთმა მამამ მიბაძა. „მანამდე არც სამეგობროში და არც სხვა ოჯახებში არ მქონდა გაგებული, რომ კაცმა მშობლის შვებულებით ისარგებლა. ეს კულტურული ფაქტორია. ამას გარდა, შესაბამის პრაქტიკას არც ისე ბევრი კომპანია უჭერს მხარს, ამიტომ ფინანსური მხარეც მოქმედებს. თანაც, ყველა მამამ არ იცის, რომ ასეთი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამებია საჭირო“, - აღნიშნავს ის.

თიბისიმ მშობლის შვებულების ასაღებად დასაქმებულთა მხარდაჭერა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2021 წელს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა, 2022 წელს კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. 2022 წლის დეკემბერში დროის გამოყენების გამოკვლევა საქართველოში: 2020-2021 გამოქვეყნდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევის შედეგების გაცნობიდან მოკლე პერიოდში, 2023 წლის დასაწყისიდან, ბანკმა თანამშრომლებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ სავალდებულო ტრენინგებს ჩაუყარა საფუძველი.

კვლევამ აჩვენა, რომ კაცებთან შედარებით, ქალები ანაზღაურებად სამუშაოზე 2-ჯერ ნაკლებს დროს ხარჯავენ დღეში (1.8 საათი და 3.5 საათი დღეში) და 2-ჯერ მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებელ შრომას (ქალები ზრუნვის შრომაზე 2.9 საათს ხარჯავენ, საოჯახო შრომაზე კი 3.8 საათს. კაცები კი აღნიშნულ საქმიანობებს 1.4 საათს და 1.7 საათს უთმობენ. უთანასწორობა კიდევ უფრო იზრდება დასაქმებული მშობლების შემთხვევაში, რადგან სრულ განაკვეთზე მომუშავე ქალები 5-ჯერ მეტს დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ საოჯახო შრომაზე, ვიდრე დასაქმებული კაცები (2.7 საათი და 0.5 საათი დღეში) და 3-ჯერ მეტ დროს — აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომაზე (0.6 საათი და 0.2 საათი).

„ჩვენ ამ კვლევის შედეგებს აქტიურად ვიყენებთ. მონაცემების გააზრება და ანალიზი მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ქმნის რეალურ წარმოდგენას “, - ამბობს თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი მაკა ბოჭორიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, 2021-2022 წლებში თიბისიში არცერთ კაცს მშობლის შვებულებით არ უსარგებლია, თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ტრენინგებით, შეხვედრებით, საინფორმაციო ბიულეტენებით, ინტერნეტითა თუ ფეისბუქ ჯგუფებით დროის გამოყენების კვლევის შედეგების წარდგენა და მშობლის 6-თვიანი, სრულად ანაზღაურებადი შვებულების აქტიური პოპულარიზაცია დაიწყო, 2023 წელს ეს შესაძლებლობით უკვე 4-მა კაცმა გამოიყენა.

„ყველა კაცმა არ იცის, რომ მშობლის შვებულებით სარგებლობის უფლება აქვს. ამავდროულად, შეხედულება, რომ კაცებს ბავშვებზე ზრუნვა არ შეუძლიათ, სტერეოტიპია, რომელსაც ვცვლით... ჩვენს საზოგადოებაში კიდევ ბევრი ასეთი მცდარი წარმოდგენაა. მოხარულები ვართ, რომ ისინი იცვლება, თუმცა წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, - აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.

დროის გამოყენების კვლევის შედეგები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სხვა მონაცემები თიბისიმ 4 ტრენინგმოდულის შექმნისთვის გამოიყენა. მოდულების დახმარებით, მისი თანამშრომლები გენდერული თანასწორობის, სტერეოტიპების, სექსუალური ძალადობისა და დროითი სიღარიბის საკითხებზე სწავლებას გადიან. მონაცემები ინტეგრირებულია პერსონალურ ტრენინგებშიც, რომლებიც ბანკში 2023 წლიდან მიმდინარეობს. საგულისხმოა, რომ სავალდებულო ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა თიბისიში ყოველწლიურად 8000-ს აჭარბებს, ყოველკვირეულ 4-საათიან პერსონალურ ტრენინგს კი, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 35 თანამშრომლისთვის ტარდება, უკვე 2500-ზე მეტი დაესწრო.

„ვაცნობიერებთ, რომ დიალოგია საჭირო. შეხვედრებსა და ტრენინგებზე თანამშრომლებს ვაჩვენებთ, თუ რამდენ დროს ხარჯავენ ქალები დღეში ან კვირაში აუნაზღაურებელ საოჯახო და ზრუნვის შრომაზე, საკუთარ თავზე, დასვენებაზე, სამუშაოზე და ა.შ. ადამიანები ამას დაფაზე დაწერილს რომ ხედავენ, გაოცებულები რჩებიან... ემოციურია ხოლმე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური როლების გავლენის გააზრება, რომელიც დროით სიღარიბესაც იწვევს. ამ დროს ისინი აცნობიერებენ ბარიერებს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში, ხვდებიან, თუ როგორ აისახება ეს ბარიერები სამსახურებრივ პოზიციებზე განაცხადის წარდგენის გადაწყვეტილებაზე“,- აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.

Გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის გუნდი თიბისის აღმასრულებელი და საშუალო რგოლის მენეჯმენტის წევრებს ხვდება, 2022 წელი. Ფოტო: თიბისი/რეზი ყენია
Გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის გუნდი თიბისის აღმასრულებელი და საშუალო რგოლის მენეჯმენტის წევრებს ხვდება, 2022 წელი. Ფოტო: თიბისი/რეზი ყენია

ავთანდილ წერეთელმა პერსონალური ტრენინგი 2023 წლის ოქტომბერში გაიარა. მაშინ მისი მეუღლე ჯერ კიდევ ორსულად იყო. ამბობს, რომ ინფორმაციულმა ტრენინგმა აზროვნების ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. „ბევრი ჩვენგანი გენდერულად მიკერძოებულია და ამის შეცვლა მარტივი არ არის, მაგრამ ტრენინგები და ინფორმაციის სხვადასხვა არხით გავრცელება დაეხმარება ადამიანებს, გაიაზრონ, რომ მშობლის შვებულება მათი უფლება, პრივილეგია და ის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დროა, რომლის გატარებაც შვილთან შეუძლიათ“, - ამბობს ავთანდილი.

დროის გამოყენების კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერმა ტერაბანკმა 4-თვიანი, სრულად ანაზღაურებადი მშობლის შვებულების ასაღებად დასაქმებული კაცების წახალისება წახალისება ასევე დაიწყო. ერთმა თანამშრომელმა ამ შვებულებით უკვე ისარგებლა კიდეც. ტერაბანკი აპირებს, მამების დღესთან დაკავშირებით სპეციალური კამპანია წამოიწყოს და ხაზი გაუსვას ბავშვზე ზრუნვის პროცესში კაცების ჩართულობის როლს.

კერძო სექტორის გარდა, დროის გამოყენების კვლევის შედეგები საქართველოში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გასაძლიერებლადაც იყო გამოყენებული. ამავდროულად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს ერთობლივად ჩაატარეს გენდერული ზეგავლენის შეფასება, 2024 წელს კი შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესამუშავებლად, რომელიც სწორედ ამ შეფასების მიგნებებს ეყრდნობა.

„გენდერული ზეგავლენის შეფასება წარმოადგენს ჩვენი ძალისხმევის ახალ მოტივატორსა და ძირითად დოკუმენტს, რომელიც გვეხმარება გენდერული საკითხების პოლიტიკურ დონეზე ადვოკატირებაში. ამ მიგნებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი პოლიტიკა და სტრატეგიები ინკლუზიური, თანასწორი და მომავალზე გათვლილი იყოს“, - აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი თეიმურაზ ჩიხრაძე. როგორც ის აღნიშნავს, საჯარო სამსახურის ბიურომ გენდერული ზეგავლენის შეფასების რეკომენდაციები 2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში უკვე ასახა, რაც ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკა დეტალურ და გენდერულად მგრძნობიარე ანალიზს ეფუძნება. უწყება გეგმავს, ეს მიგნებები გენდერული თანასწორობის მომდევნო სამოქმედო გეგმისთვის, ასევე, საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისთვის გამოიყენოს.

სამომავლო ცვლილებები, რომლებიც, სავარაუდოდ, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის იგეგმება, კერძო სექტორის ამჟამინდელ ძალისხმევასთან ერთად, ხელს უწყობს კულტურული წინააღმდეგობების შემცირებას და დაეხმარება მამებს, მეტი დრო დაუთმონ ბავშვებზე ზრუნვას.