შეუჩერებლად და სრული სვლით წინ: მოწოდება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ავტორები: ბელენ სანზ ლუკე და ფლორენს ბაუერი
თარიღი:

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეზღუდებათ განათლების, ხმის მიცემის, საკუთრებისა და ავტონომიის ძირითადი უფლებები. სამყარო, სადაც უსაფრთხოება, ღირსება და დამოუკიდებლობა არათუ გარანტირებულია, არამედ ყოველდღიური ბრძოლის საგანს წარმოადგენს. ეს სამყარო, რომელიც თითქოს არქაულად გვეჩვენება, კვლავ მკაცრ რეალობად რჩება ბევრი ქალისა და გოგოსთვის.
ჩვენს მიღწევებს იმ უამრავ ქალს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც დაუღალავად იბრძოლეს სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, რომლებმაც „საკუთარი ოთახი“ მოითხოვეს. მათი ბრძოლა დაგვირგვინდა 1995 წლის პეკინის საეტაპო კონფერენციით, სადაც მსოფლიო ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, შეექმნათ ისეთი მომავალი, სადაც ქალთა უფლებები საყოველთაო იქნებოდა და ქალთა გაძლიერების ძალისხმევა ყველა ქალს მიწვდებოდა. თუმცა, ოცდაათი წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ კრიტიკულ გზაგასაყართან აღმოვჩნდით.
ჩვენი დროის პარადოქსია, რომ მაშინ, როცა უპრეცედენტო პროგრესს ვზეიმობთ, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ახლა ისე საჭირო გახდა, როგორც არასდროს. ქალებმა დაამსხვრიეს ბარიერები, გოგოები ბევრად განათლებულები არიან და მათი სამართლებრივი დაცვა გაძლიერდა, თუმცა ეს მიღწევები საფრთხის ქვეშ დადგა. ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით დღეს მიმდინარე გლობალური რეგრესი აღრმავებს დისკრიმინაციას, ასუსტებს ქალების სამართლებრივ დაცვას, ზღუდავს მათ რეპროდუქციულ უფლებებს და ამცირებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო დაფინანსებას. დემოგრაფიული ცვლილების, განსაკუთრებით შობადობის დაბალი მაჩვენებლებისა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირების შესახებ არსებული მღელვარება, ძნელად მოსაპოვებელი გენდერული თანასწორობის დათმობისა და რეპროდუქციული უფლებების შეზღუდვის გასამართლებლად გამოიყენება.
2024 წელს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობათა თითქმის მეოთხედმა განაცხადა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით გაუარესებული სიტუაციის შესახებ. ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ საგანგაშოდ მაღალია: მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, 24 მილიონი ქალი გახდა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა იქცა მზარდ საფრთხედ, რომელიც არაპროპორციულად ვნებს ახალგაზრდა ქალებს. უკრაინაში, სადაც ომმა ცხოვრების ყველა ასპექტი შეცვალა, დაახლოებით 2,4 მილიონი ადამიანი - უმეტესად ქალები და გოგოები - დაუყოვნებლივ საჭიროებენ სერვისებს, რაც გენდერული ძალადობის პრევენციასა და მასზე რეაგირებას გულისხმობს.
პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდა: ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში საშუალოდ 32 პროცენტს შეადგენს (1995 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 11 პროცენტი იყო), თუმცა პროგრესის ტემპის შენელება აშკარაა, ზოგიერთ ქვეყანაში კი უკუსვლაც შეინიშნება. გენდერული ნიშნით ძალადობა, საზიანო სოციალური ნორმები და აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არათანაბარი განაწილება კვლავაც აფერხებს საზოგადოებაში ქალების სრულფასოვან მონაწილეობას და აღრმავებს სიღარიბეს. ეს განსაკუთრებით აისახება ქალებზე, რომლებიც ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფებს განეკუთვნებიან, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალებსა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე, უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებსა თუ ხანდაზმულებზე. უკრაინაში მიმდინარე ომმა გააღრმავა არსებული გენდერული უთანასწორობა, რის გამოც ქალები ძალადობის გაზრდილი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ და ოჯახზე ზრუნვის მძიმე ტვირთის ტარება უწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ამავდროულად, მეტი ქალი მონაწილეობს ჰუმანიტარულ მისიებში, მეტი ქალი გვევლინება სამოქალაქო საზოგადოების ლიდერად, თემების ხელმძღვანელად თუ მეწარმედ - დღეს უკრაინაში ყოველი მეორე ბიზნესსაწარმოს დამფუძნებელი ქალია.
დღევანდელი ტემპის გათვალისწინებით, გენდერული თანასწორობა შორეულ ოცნებად რჩება. დღეს დაბადებული გოგო 40 წლის იქნება, როცა სახელმწიფოთა პარლამენტებში ქალები თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, 68 წლის იქნება, როცა ბავშვთა ქორწინება აღმოიფხვრება და შესაძლოა ვერც კი მოესწროს უკიდურესი სიღარიბის დასასრულს. ამგვარი მომავალი ჩვენთვის მიუღებელია.
ჩვენ, წარმოვადგენთ რა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) - გაეროს ორ წამყვან სააგენტოს, რომელთა მიზანიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა - მოგიწოდებთ მოქმედებისკენ აპათიის ნაცვლად, წინააღმდეგობისკენ დანებების ნაცვლად და იმედისკენ სასოწარკვეთის ნაცვლად. ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც მემკვიდრეობით გვერგო ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ასევე ვართ თაობა, რომელსაც შეუძლია გენდერული თანასწორობა რეალობად აქციოს. გენდერული თანასწორობა არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ ქალებსა და გოგოებს ეხება, ეს არის წინსვლის გზა მთელი კაცობრიობისთვის.
დღეს, აღვნიშნავთ რა ქალთა საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ ყველას, ხმა აიმაღლონ ყველა ქალისა და გოგოს უფლებების დასაცავად, მათ გასაძლიერებლად და თანასწორობის უზრუნველსაყოფად. დაე, 2025 წელი ისტორიაში შევიდეს როგორც წელი, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, წელი, როდესაც უარი ვთქვით წინსვლის შეფერხებაზე, წელი, როდესაც გენდერული თანასწორობა ჭეშმარიტ და შეუქცევად რეალობად ვაქციეთ. მოდით, სრული სვლით წავიდეთ წინ, ერთად - სახელმწიფოთა მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და ინდივიდუალური პირები, რათა პეკინის კონფერენციაზე გაჟღერებული დაპირება რეალობად იქცეს ყველა ქალისა და გოგოსთვის.
ავტორები:
ბელენ სანზ ლუკე - გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი;
ფლორენს ბაუერი - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი.