შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ქართული რეგიონული მედიის ფოკუსში
თარიღი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები საქართველოში საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უხილავ ნაწილს წარმოადგენენ. მათი ხმა ადგილობრივ მედიაშიც ნაკლებად ისმის. შესაბამისად, აქტუალურია ჟურნალისტების მხრიდან შშმ ქალთა საკითხების ადვოკატირების გააქტიურება და მათი მაღალი სტანდარტით გაშუქება. საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა ხელი უნდა შეუწყოს მედიის პოზიტიურ როლს - გახდეს მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიციატორი შშმ ქალთა პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით.
სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქართულ მედიასთან, მათ შორის რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებთან, მუდმივად თანამშრომლობს. ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ორგანიზაცია ამჟამად საქართველოში პარტნიორებთან ერთად მუშაობს, შშმ ქალთა უფლებებია და 23-24 ოქტომბერს რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ტრენინგის მთავარ თემად ამჯერად სწორედ ეს საკითხი იქცა.
ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში 10 მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების კუთხით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას, სტერეოტიპებსა და ინტერსექციური დისკრიმინაციის ფორმებს, მართლმსაჯულების პროცესში არსებულ ბარიერებსა და მათი დაძლევის მექანიზმებს გაეცნო.
ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიის როლი და როგორ ეხმარება მაღალი სტანდარტით გაშუქება შშმ ქალების უფლებების დაცვას. ამას გარდა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრებმა მათთან ერთად ქართული რეალობიდან კონკრეტული შემთხვევების გაშუქებაც განიხილეს.
„სამწუხაროდ, შშმ პირები და უფრო მეტად ქალები, რომლებიც ფართოდ არ ჩანან, ჩაგვრისა და უსამართლობის წინაშე ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. როგორც ჟურნალისტი, ჩემი საქმიანობით შევეცდები, მათი გაძლიერებისთვის ვიმუშაო, მივცე შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ და ამით მცირედი წვლილი შევიტანო მათი უკეთესი ცხოვრებისთვის“, - აღნიშნა ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა, ნინო ბერიძემ.
ტრენინგის მიდინარეობისას მონაწილეებს წარედგინათ პუბლიკაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოხატვის თავისუფლება და მედია გაშუქება“, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად, მიზნად შშმ პირთა თემებზე მუშაობისას არსებული რისკების განსაზღვრას, ეთიკური და არასტერეოტიპული გაშუქების მხარდაჭერას ისახავს. პუბლიკაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა და იგი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი.
შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის დაფინანსებით გაეროს ექვსი სააგენტო - გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს.