ხატია ღოღობერიძის სიტყვებით: „მინდა, ქალების ხმა უკეთ ისმოდეს“

თარიღი:

ფოტო: მზეო კანდელაკი
ხატია ღოღობერიძე; ფოტო: მზეო კანდელაკი

ხატია ღოღობერიძე ქართული ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტია. მისი სტატიები ხშირად ქალების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს ეხმიანება. აქტუალობასთან ერთად, ხატიას მასალები გაშუქების მაღალი სტანდარტითა და ეთიკური ნორმების დაცვით გამოირჩევა. სწორედ ამ დამსახურებისთვის იგი 2019 წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი გახდა, რომელსაც ქალთა ფონდი საქართველოში ქალ უფლებადამცველებს 2013 წლიდან გადასცემს. მას შემდეგ, რაც ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მისი მხარდამჭერია.

ქალთა უფლებებზე მუშაობის პროცესში, ხატია ღოღობერიძე აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და მონაწილეობს მის მიერ გამართულ მედიატრენინგებში გენდერულად მგრძნობიარე რეპორტინგის შესახებ.

Quote

ქალთა უფლებების თემაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი ვრცელი სტატია ქირურგიულ კონტრაცეფციას შეეხებოდა - სამედიცინო პროცედურას, რომელიც როგორც კაცმა, ისე ქალმა შეიძლება გაიკეთოს. ეს პაციენტის უფლება და გაცნობიერებული არჩევანია, რაც საქართველოს კანონმდებლობითაც დაცულია. ამ უფლებით სარგებლობა ორივე სქესის წარმომადგენლებს თანასწორად შეუძლიათ, თუმცა სტატიაზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კლინიკების დიდი ნაწილი ქალს არჩევანს უზღუდავდა და პროცედურას ქმრის თანხმობის გარეშე არ უტარებდა.

შევხვდი რესპონდენტებს, რომელთა სიცოცხლისთვისაც მშობიარობა საშიში იყო, თუმცა ქმრები მიიჩნევდნენ, რომ მიუხედავად ამისა, მათ შვილები კიდევ უნდა გაეჩინათ. სამშობიაროებიც, იმის ნაცვლად, რომ პაციენტის გადაწყვეტილებისთვის ეცათ პატივი და  კანონი დაეცვათ, პროცედურას ქმრების თანხმობის გარეშე არ აკეთებდნენ. მაშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავინახე, თუ როგორი უუფლებო შეიძლება იყოს ქალი ქვეყანაში მაშინაც კი, როცა კანონი მის უფლებებს იცავს. ამ მასალის შემდეგ თემაზე მუშაობა უფრო ინტენსიურად დავიწყე.

ქალთა უფლებების გაშუქება რთული პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ თავს ეთიკურ ჟურნალისტად მივიჩნევ, სულ ვღელავ ხოლმე, ჩემი სტატიით მის გმირებს ტკივილი არ მივაყენო, ინტერვიუს პროცესში მათ მიმართ მაღალი მგრძნობელობა და პატივისცემა გამოვიჩინო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანები მენდობიან და საკუთარ პრობლემებზე მიყვებიან. ასეთ დროს ყველაზე მეტად მათ ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა მეხმარება. ზოგი მიიჩნევს, რომ პირიქით, უნდა ეცადო, მოვლენებს უფრო ცივად უყურო, თუმცა მე მირჩევნია, ვიგრძნო, რაც ქალებს აწუხებთ და ერთგვარად მათი უფლებადამცველიც ვიყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც სულ ვუფრთხილდები, რესპონდენტების ნდობაა. მე, სრულიად უცხოს, ისინი მენდობიან, პირად ამბებს მიზიარებენ და ეს ნდობა უნდა გავამართლო: მათი ისტორიები ზუსტად გადმოვცე, რათა ქალების ხმა უკეთ ისმოდეს.

ჩემი, როგორც ჟურნალისტის ფუნქცია ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა. მედიას დიდი ძალა აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ძალა სწორად გამოვიყენოთ და სკანდალის ნაცვლად, პრობლემის მოგვარება დავისახოთ მიზნად. მაგალითად, ჟურნალისტი, რომელიც პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ქალი, სავარაუდოდ, სხვა კაცთან მიმოწერის გამო მოკლა ქმარმა და ამას დანაშაულის მიზეზად წარმოაჩენს, პრობლემის რეალურად გააზრებაში წვლილს ვერ შეიტანს. პირიქით, ქალებისთვის „შეუსაბამო“ ქცევის შესახებ სახიფათო სტერეოტიპებს გაამყარებს. ჩვენს ჩაკეტილ, სტერეოტიპულ საზოგადოებაში ქალების პრობლემების მოგვარებას მედია მათი მნიშვნელობის წარმოჩენით, ადეკვატური რესპონდენტების შერჩევითა და სწორად გაშუქებით უნდა ცდილობდეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემთვის კატო მიქელაძის პრემიაზე ჟურნალისტური საქმიანობის გამო წარდგენა უკვე დიდი პატივი იყო, გამარჯვებაზე აღარაფერს ვამბობ. ეს არის გამარჯვება, რომელმაც საკმაოდ რთულ დროს უფრო მეტი ძალა მომცა და დამარწმუნა, რომ მხედავენ, რომ ის, რასაც ვაკეთებ, მართლა ღირებულია და რომ მართლაც ვაკეთებ იმას, რაც ასე ძალიან მინდა - შევცვალო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.“