პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა ქართველი ჟურნალისტებისთვის აქტუალური ხდება

თარიღი:

ევა ბარბონი გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების შესახებ დისკუსიას უძღვება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ევა ბარბონი გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების შესახებ დისკუსიას უძღვება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებაში მედიას განსაკუთრებული როლის შესრულებაშეუძლია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები არა მარტო ინტერესდებოდნენ აღნიშნული თემებით, არამედ გენდერულად მგრძნობიარედ და ეთიკურად აშუქებდნენ მათ. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში მედიის წარმომადგენლებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ტრენინგებსა თუ სამუშაო შეხვედრებს სისტემატურად მართავს. ერთ-ერთი ასეთი ტრენინგი 2-3 და 9-10 ოქტომბერს პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარდა.

2020 წელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღია. 31 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამასთან, ქალთა მიმართ ძალადობა როგორც გლობალურად, ისე საქართველოშიც პოლიტიკაში ქალთა სრულფასოვანი, თანასწორი მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა. შესაბამისად, საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლება ქართული მედიისთვის კიდევ უფრო აქტუალურია. სწორედ ამ აქცენტს გაუსვა ხაზი ტრენინგის დასაწყისში რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტმა ერეკლე ცოცანიძემ: „არჩევნები ახლოვდება და ამ დროს ქალი კანდიდატების, მათი საარჩევნო კამპანიების ეთიკურად გაშუქება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანაც, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არც ისე იშვიათია პოლიტიკოსი ქალების მიმართ შანტაჟისა და მუქარის ფაქტები“, - აღნიშნა მან.

ტრენინგს კომპანია „ატალანტას“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ევა ბარბონი უძღვებოდა. ქართველ ჟურნალისტებს იგი პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის სახეებზე, ამ პრობლემის სამართლიან და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებაზე, გასათვალისწინებელ ასპექტებზე, დეზინფორმაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრებში 30-მდე ჟურნალისტი მონაწილეობდა.

„სამწუხაროდ, ქართულ მედიაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქებისას არაერთი სტანდარტი ირღვევა. როცა პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობაზე ვმუშაობთ, სწორად შერჩეულ ტერმინებს, გაშუქების სტილს, მხარეების წარმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს თემა ახალია, ამიტომ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ძალიან დაგვეხმარება. ჩემთვის საინტერესო იყო კოლეგების პრაქტიკის გაცნობაც, ვის როგორ მიაქვს აუდიტორიამდე მთავარი სათქმელი, რომ პოლიტიკაში ქალების მიმართ ძალადობა დაუშვებელია“, - აღნიშნა რეგიონული ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა რუსუდან გვარამაძემ. მისმა კოლეგამ, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა გიორგი გირკელიძემ კი ხაზი უცხოურ გამოცდილებას გაუსვა: „ამ თემატიკაზე ტრენინგს პირველად ვესწრებოდი და ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, როგორ აშუქებენ დასავლურ მედიაში პოლიტიკოს ქალებთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორი მნიშვნელოვანია ეთიკური სტანდარტების აუცილებლობად ქცევა“, - დასძინა მან.

ტრენინგი გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.