გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თანამშრომლობას იწყებენ

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი

ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ეთიკურ გაშუქებას სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქართულ მედიასთან წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს და მათ გენდერულად მგრძნობიარე რეპორტინგის მიმართულებით სხვადასხვა ტრენინგსა და სამუშაო შეხვედრას სთავაზობს.

სწორედ ეს გამოცდილება დაედო საფუძვლად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც ხელი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა 17 ნოემბერს მოაწერეს. შედეგად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც ადგილობრივი მედიის მხარდაჭერისა და განვითარებისკენაა მიმართული, კიდევ უფრო სისტემური და კონკრეტულ სახელმძღვანელო პრინციპებზე დაფუძნებული იქნება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, გაძლიერდეს ქართული მედიის შესაძლებლობები გენდერულად მგრძნობიარე და ეთიკური გაშუქების მიმართულებით, ჩამოყალიბდეს სახელმძღვანელო წესები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერული ძალადობისა და ლგბტქი საკითხების სენსიტიური, ეთიკური გაშუქებისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ, წახალისდეს გენდერული თანასწორობის საკითხების პროფესიული, ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება, ასევე ქალების, გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის სამართლიანი, ზუსტი, არასტერეოტიპული და დაბალანსებული წარმოდგენა.

„გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ქარტიას ქართველი ჟურნალისტების გაძლიერებაში. სიზუსტესა და დაბალანსებასთან ერთად, გენდერულად მგრძნობიარე რეპორტინგი მაღალპროფესიული მედიაპროდუქტის მთავარ პრინციპად უნდა იყოს განხილული“, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უფრო აქტიურად ვიმუშავებთ გენდერული ძალადობისა და ლგბტქი საკითხების ეთიკური გაშუქებაზე და ხელს შევუწყობთ ქალების, გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის სამართლიანი, ზუსტი, არასტერეოტიპული და დაბალანსებულ წარმოდგენას მედიაში“, - აღნიშნავს მარიამ გოგოსაშვილი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაეხმარება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, შემუშავდეს სახელმძღვანელო პრინციპები და თვითრეგულირების სტანდარტები მოვლენებისა და ქალთა უფლებების საკითხების გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებისთვის, შეიქმნას შესაბამისი ტრენინგის მოდული მედიის წარმომადგენლების მომზადებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის. ამას გარდა, ჟურნალისტებისთვის დაწესდება ყოველწლიური ჯილდო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილის წარმოჩენისა და აღიარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ჯილდოს პირველი გამარჯვებული უკვე მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.