გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღნიშნა

თარიღი:

PechaKucha Nights-ის ერთ-ერთი მონაწილე ეკატერინე ფარულავა სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
Pechakucha Night-ის ერთ-ერთი მონაწილე ეკატერინე ფარულავა სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები საკუთარი საქმიანობებით თემებისა და რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული როლს ასრულებენ, თუმცა მათი წვლილი ხშირად სათანადო აღიარების გარეშე რჩება. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღნიშვნისას, მთავარი აქცენტი სწორედ ამ პრობლემაზე გააკეთა და სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, ორი ღონისძიება გამართა.

მეწარმე ქალები რეგიონის განვითარებისთვის - ეს იყო თემა, რომლის ირგვლივაც ადგილობრივი 6 მეწარმე ქალი PechaKucha Night-ის პოპულარულ პლატფორმაზე გაერთიანდა. საკუთარი საქმიანობის გაცნობასთან ერთად, 6-წუთიან პრეზენტაციებში მათ აუდიტორიას იმ მნიშვნელოვან როლზეც უამბეს, რომელსაც სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები საკუთარი თემებისა და რეგიონების განვითარებაში ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ PechaKucha-ზე მონაწილე ქალების უმეტესობამ ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მხარდაჭერით დაიწყო ან განავითარა და დროთა განმავლობაში სხვადასხვა ცვლილების ინიციატორებადაც იქცა.

„მიხარია, რომ მომეცა განსხვავებული შესაძლებლობა, მომეყოლა იმ გზის შესახებ, რომელიც საქმიანობის დაწყების დღიდან გავიარე. ასეთი ღონისძიებები მეც და სხვა მეწარმე ქალებსაც განსაკუთრებულად გვაძლიერებს და ახალ მოტივაციას გვაძლევს“, - აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ, ზუგდიდელმა ეკატერინე ფარულავამ, რომელიც ბოსტნეულის ცუკატებსა და ჩირებს აწარმოებს.

PechaKucha Nights წარმოადგენს პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. სამეგრელოში ჩატარებული ღონისძიების ორგანიზატორი სტარტაპ ბიურო, მხარდამჭერები კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ლიბერთი იყვნენ.

PechaKucha ღონისძიებას წინ უსწრებდა ტრენინგი, რომელიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა ლიბერთიმ მერძევე ფერმერი ქალებისთვის გამართა. ტრენინგი მეწარმეობაში ეფექტიანი დაკრედიტების საკითხებს მოიცავდა და მას 15 მონაწილე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ლიბერთი, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის სხვადასხვა თემაზე სასწავლო შეხვედრებს სისტემატურად ატარებს და მათ საჭირო ცოდნას უზიარებს.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.