ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საპილოტე პროგრამა გრძელდება

თარიღი:

პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე მაყვალა კახიძე საკუთარ სათბურში. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე მაყვალა კახიძე საკუთარ სათბურში. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სოფლის განვითარების სააგენტო ქალებისთვის სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საპილოტე პროგრამას ჩხოროწყუს, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს. პროგრამის განხორციელება 2022 წელს, მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო და მის მთლიან დაფინანსებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონტრიბუცია 80%-ს შეადგენდა. პროგრამის ახალი ფაზა კი სამ მუნიციპალიტეტში განხორციელდება და სახელმწიფო რესურსებით სრულად დაფინანსდება.

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაზრდას, სააგენტოს პროგრამებში მათ ჩართულობას, სპეციალური ინიციატივების შემუშავებასა და, შედეგად, ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, სოფლის განვითარების სააგენტოს „2022-2024 წლების გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ ნაწილია ქალთა მხარდაჭერისთვის ცალკე პროგრამის შემუშავებაც.

„სოფლის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს სოფლად მცხოვრები ქალების ჩართულობას სოფლის მეურნეობის ბიზნესსაქმიანობებში. სააგენტო მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოს მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში - ჩოხატაურში, ვანსა და ჩხოროწყუში ეკონომიკურად არააქტიური ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის შესაძლებლობას ქმნის, რაც მათთვის წარმოადგენს საშუალებას, წლის განმავლობაში მოიყვანონ მოსავალი და მიიღონ შემოსავალი,” - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა.

სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საპილოტე პროგრამის მიზანი ეკონომიკურად არააქტიური ქალების გაძლიერება, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირებაა. პროგრამა ექსკლუზიურად ქალებისთვის შეიქმნა და პოტენციურ მონაწილეებს სათბურების მოსაწყობად ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველს საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში უნდა ჰქონდეს არა უმეტეს 5,000 კვ.მ-ის ფართობის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. პროგრამის ფარგლებში კი არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობა დაფინანსდება. ბენეფიციარის თანადაფინანსება სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არანაკლებ 10%-ით განისაზღვრება, რაც სააგენტოს სხვა პროგრამებთან შედარებით, თანადაფინანსების მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროგრამა ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, რომელიც მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში უკვე განხორციელდა, სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ გენდერული ზემოქმედების შეფასების (GIA) დასკვნების საფუძველზე ინიცირდა. პირველი საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში (მარნეული და ლაგოდეხი) 37 ბენეფიციარი დაფინანსდა, მასში მონაწილე ქალებმა კი სათბურების ამოქმედების ან შემდგომი გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკური და ფინანსური რესურსები უკვე მიიღეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.