ქართველ და აზერბაიჯანელ სოფლად მცხოვრებ ქალებს შორის კავშირები ძლიერდება
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ქართველ და აზერბაიჯანელ სოფლად მცხოვრებ მეწარმე ქალებს შორის ახალი კავშირებისა და თანამშრომლობების დამყარებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ემსახურება.
ერთ-ერთ ამგვარ ინიციატივას წარმოადგენდა თბილისში, 18-19 სექტემბერს, ქეა კავკასიას მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართული კონფერენცია და სასწავლო ვიზიტი, რომელმაც საქართველოსა და აზერბაიჯანიდან 30 მეწარმე ქალი გააერთიანა. მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი ბიზნესები გააცნეს, გაუზიარეს წარმატების მიღწევის ის ხერხები, რომლებიც მათ საქმიანობების განვითარებაში დაეხმარათ.
კონფერენციის პირველი ნაწილი მარკეტინგისა და ბრენდინგის თემატიკას დაეთმო. მეწარმე ქალები გაეცნენ მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელობას, ბრენდინგის როლსა და ბრენდის შექმნას, ბიუჯეტის გაწერასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ციფრული ტექნოლოგიებისა და არხების გამოყენებით ბაზარზე წვდომის მოპოვებასა და მარკეტინგული კომუნიკაციების მართვას. სესიის ბოლოს გაიმართა გამოფენაც, რომლის მიმდინარეობისას მონაწილეებმა საკუთარი ნაწარმი - ხელნაკეთი აქსესუარები, ჩანთები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები წარადგინეს.
კონფერენციის დასკვნითი სესია სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტენდენციებს დაეთმო. მათ შორის იყო ტექნიკური განახლებები პროდუქტიულობის გაზრდისთვის და კლიმატგონივრული პრაქტიკები სასათბურე მეურნეობაში. კონფერენციის მონაწილე ქალებმა ისაუბრეს იმ გამოცდილებებზე, რომლებიც მათ ამ კუთხით აქვთ.
„ზოგადად, გვგონია, რომ სოფელში მცხოვრებმა ქალებმა სოფლის მეურნეობის შესახებ ბევრი ვიცით, მაგრამ ამ შეხვედრებმა დამანახა, რომ სწავლა კიდევაა შესაძლებელი. თითოეული სესია ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო. მომავალში შესაძლოა, ქალებმა სვანური მარილის წარმოება დავიწყოთ და მარკეტინგისა და ბრენდინგის შესახებ აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ,“- აღნიშნა კონფერენციის დასრულების შემდეგ იზოლდა ანსიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.
კონფერენციის მეორე დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწავლო ვიზიტი გაიმართა, რომლის დროსაც სტუმრებმა აზერბაიჯანიდან ადგილზე დაათვალიერეს ქართველი მეწარმე ქალების ბიზნესები, მათ შორის, სასათბურე მეურნეობა, სამკერვალო საწარმო და სილამაზის სალონი. მონაწილეებმა საკუთარ გამოცდილებებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს და პარტნიორობისთვის ახალი შესაძლებლობებიც აღმოაჩინეს.
„სხვა მეწარმე ქალებთან კავშირების დამყარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სასარგებლო რჩევები მივიღე და მათ წარმატებისთვის აუცილებლად გამოვიყენებ. 8 წლის გოგო მყავს. მინდა, ისწავლოს და განვითარდეს. ეკონომიკურად ძლიერი რომ ვიქნები, ჩემს შვილსაც მეტ შესაძლებლობას მივცემ“ ,- აღნიშნა ნაზრინ ბაღირზადემ ხაზარიდან.
კონფერენცია ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან, „ფონდ ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიასთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.