მეწარმე ქალები საქართველოდან და სომხეთიდან ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს უზიარებენ

თარიღი:

სასწავლო ვიზიტი მარნეულის მუნიციპალიტეტში. ფოტო: ქეა საერთაშორისო კავკასია
სასწავლო ვიზიტი მარნეულის მუნიციპალიტეტში. ფოტო: ქეა საერთაშორისო კავკასია

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში მონაწილე მეწარმე ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ ერთმანეთის გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა, საქმიანობების განვითარებისა თუ გამოწვევების დაძლევის შესახებ გამოცდილებების გაზიარება მათთვის განსაკუთრებით ღირებულია. შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, რეგულარულად მართავს ღონისძიებებს, რომლებიც სწორედ მეწარმე ქალებს შორის ახალი კავშირების დამყარებას ემსახურება.

14-15 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქეა კავკასიამ სომხეთსა და საქართველოში მცხოვრები 30 მეწარმე ქალისთვის რეგიონული კონფერენცია და სასწავლო ვიზიტები გამართა. ინიციატივა მიზნად თანამშრომლობის, საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.

კონფერენციის პირველი სესია მარკეტინგისა და ბრენდინგის საკითხებს დაეთმო. მონაწილეები გაეცნენ მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებაში, ბრენდის შექმნას, ბიუჯეტის გაწერასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ციფრული ტექნოლოგიებისა და არხების გამოყენებით ბაზარზე წვდომასა და მარკეტინგული კომუნიკაციების მართვას. სესიის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე მეწარმე ქალებმა საკუთარი პროდუქციაც წარადგინეს.

„საოცრად დადებითი ემოციები მაქვს. ასეთი გაცვლითი შეხვედრები უფრო მეტად გვაფიქრებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს ქალებს, რომ გავძლიერდეთ. კონფერენციაზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია და რჩევები მივიღე მარკეტინგის და ბრენდირების შესახებ, რაც დამეხმარა, მეფიქრა, თუ როგორ შევფუთო და მივაწოდო სწორად მომხმარებელს ჩემი პროდუქტი“, - აღნიშნა შორენა მეტრეველმა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში, სოფელ ასურეთში ცხოვრობს და ღვინოს აწარმოებს.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი გენდერული ბიუჯეტირების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაეთმო. სესიის მიმდინარეობისას სოციალურ მობილიზაციაში ჩართულმა ქალებმა ისაუბრეს, თუ როგორ მონაწილეობენ ადგილობრივი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესში და რა ინიციატივებს ახორციელებენ საკუთარი სოფლებისა და თემების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

კონფერენციის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწავლო ვიზიტიც გაიმართა, რომლის დროსაც სტუმრები სომხეთიდან ქართველი მეწარმე ქალების ბიზნესსაქმიანობებს - სასათბურე მეურნეობებს, სამკერვალო და ყავის საწარმოებს ადგილზე გაეცნენ.

“ქართველი მეგობრების გამოცდილების გაცნობა ძალიან სასარგებლო იყო. სასათბურე მეურნეობაში ვიზიტისას საკუთარი ხარვეზები აღმოვაჩინე და მივიღე რჩევები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ. რეგიონულმა შეხვედრამ მეტი თავდაჯერებულობა მომცა, ბევრი კარი გამიღო და იმდენად გაბედული, მიზანდასახული მივდივარ აქედან, რომ რომელიმე მათგანის დახურვა რთული იქნება“, - ასე შეაფასა სოფელ შირაქში მცხოვრებმა გაიანე ჰარუტუნიანმა კონფერენციაში მონაწილეობა.

კონფერენცია ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან, „ფონდ ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიასთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.